"საფარის" აქტივობები / სიახლეები

ადევნება, მუქარა, შემაკავებელი ორდერის დარღვევა – 28 წლის კაცს 1 წლით პატიმრობა მიესაჯა

sapari

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 28 წლის კაცი ყოფილ ცოლზე ადევნებისთვის დამნაშავედ ცნო სხვა დანაშაულებთან ერთობლიობით, 1 წლით თვაისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმის გამოძიებისას დადგინდა, რომ კაცი ყოფილ ცოლს რამდენიმე კვირის განმავლობაში ხვდებოდა სახლთან და სამსახურთან, მუდმივად ეკონტაქტებოდა ტელეფონის და სოციალური ქსელის მეშვეობით, აწუხებდა ქალის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.

დაზარალებული ქალის ინტერესებს 2022 წლის ივნისიდან „საფარის“ აჭარის რეგიონის იურისტი, ეკატერინე მუზაშვილი იცავს. საქმეში „საფარის“ ჩართვის მომენტისთვის კაცის მიმართ გამოძიება მუქარის 3 ეპიზოდსა და შემაკავებელი ორდერის დარღვევაზე მიმდინარეობდა, თუმცა ის დაკავებული არ იყო და კვლავ განაგრძობდა ქალის შეწუხებას. “საფარის” ჩართვის შემდეგ გამოძიებას კიდევ ერთი მუქარის ეპიზოდი დაემატა და დამატებით ადევნების მუხლით გაგრძელდა, რის შედეგადაც კაცი დააკავეს.

გამოძიების მიმდინარეობისას ქალს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა. დაზარალებული ყვებოდა ადევნების პერიოდში მომხდარ შემთხვევებზე, რამაც აიძულა შეეცვალა ცხოვრების წესი: იგი თავს იკავებდა სასეირნოდ და მეგობრებთან ერთად გასართობად წასვლისგან; იყო შემთხვევა, როცა სამსახურიდან სახლში დასაბრუნებლად დასჭირდა პოლიციის გამოძახება, რადგან ყოფილი ქმარი ქუჩაში ელოდებოდა; უპასუხო ზარების მიუხედავად, კაცი არ წყვეტდა მასთან კომუნიკაციას და ა.შ. ამის მიუხედავად, ბიურომ დაადგინა, რომ ქალს ფსიქოლოგიური ტანჯვა არ განუცდია. აღსანიშნავია, რომ მსგავს საქმეებში, პრაქტიკის მიხედვით, ექსპერტიზის დასკვნის მიერ ფსიქოლოგიური ტანჯვის დადასტურება ძირითადი ფაქტორია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამ შემთხვევაში, მიღებული დასკვნის მიუხედავად, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადევნება დაადგინა და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კაცს 1 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

„საფარი“ დაზარალებული ქალის ინტერესების დაცვას მომავალშიც განაგრძობს.