ადრეული ქორწინება / სექსუალური ძალადობა

თურქეთში პედოფილია დაკანონდა?

თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა კანონი, რომლის თანახმადაც 15 წლამდე არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი სექსუალურ ძალადობად კვალიფიცირდებოდა. ამის ინიციატივა საოლქო სასამართლომ გამოიჩინა. ამ უკანასკნელის განსაზღვრებით, მოქმედ კანონში გათვალისწინებული არ არის ორმხრივი თანხმობის ფაქტორი იმ შემთხვევაში, როდესაც მოზარდი 12-დან 15 წლისაა და სექსუალური აქტის მნიშვნელობა იცის.

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საოლქო სასამართლოს მოთხოვნა და ახალი (ძველი) კანონი ძალაში 2017 წლის 13 იანვრიდან შევა.

გადაწყვეტილებამ დიდი აღშფოთება გამოიწვია ქალთა და ბავშვთა უფლებების აქტივისტებსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებში, რომლებიც აღნიშნავენ, რომ 18 წლამდე ასაკის პირი, თურქეთის მიერ ხელმოწერილი საერთაშორისო კონვენციების თანახმად, ბავშვად ითვლება.

ნაზან მოროღლუმ (Nazan Moroğlu), სტამბოლის ქალთა ასოციაციის კოორდინატორმა და ადვოკატმა, საკონსტიტუციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებისთვის გააკრიტიკა. მოროღლუმ აღნიშნა, რომ ახალი გადაწყვეტილება ბავშვებს სექსუალური შევიწროებისა და გაუპატიურების რეალობის წინაშე აყენებს და გოგონების ადრეულ ქორწინებაში ინტენსიურ ჩართვამდე მიგვიყვანს, განათლების მიღების შანსის გარეშე. „თურქეთში ამჟამად ადრეული ქორწინების პრობლემა ძალზე მწვავედ დგას, და ამ მდგომარეობაში მყოფი 3,5 მილიონი ქალის რიცხვი კვლავ გაიზრდება“, – დასძინა მოროღლუმ.

ანკარის ადვოკატთა ასოციაციის ბავშვთა უფლებების ცენტრის ხელმძღვანელის საბიტ აკტაშის (Sabit Aktas) თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ბევრ ბავშვს შეეხება. „ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რას მოგვიტანს ეს გადაწყვეტილება. იმ კანონმდებლებმა, რომლებიც საზოგადოებისგან შორს არიან და სპილოს ძვლის კოშკებში ცხოვრობენ, ჯერ სასამართლო დარბაზებს უნდა მიაკითხონ, რომ ნახონ, თუ რა ხდება ამ ბავშვების თავს, და შემდეგ გააკეთონ დასკვნა“, აცხადებს იგი.

2013 წელს, თურქეთის მთავრობამ პრემიერ ერდოღანის მეთაურობით, ქვეყნის განათლებაში ე.წ. 4 + 4 + 4 სისტემა დანერგა, რომელიც სპეციალისტებმა შეაფასეს, როგორც ადგილობრივი გოგონებისთვის განათლების მიღების შემაფერხებელი ფაქტორი, რადგან იგი მათ მიერ სკოლის ადრეულ ასაკში მიტოვებაზეა მორგებული.

2013 წლის სტატისიკური მონაცემების თანახმად, ბოლო სამი წლის მანძილზე ქვეყანაში 853 ქალი მოკლეს. მათ შორის 15% იმის გამო, რომ გაყრა სურდა, 66% კი ყოფილმა ქმარმა ან პარტნიორმა გამოასალმა სიცოცხლეს. 12.5% ქმრებმა მოკლეს მიუხედავად იმისა, რომ მათ იჩივლეს – სახელმწიფომ მათი დაცვა არ უზრუნველყო. თურქეთში ქალთა მიმართ ძალადობა ყველაზე გავრცელებული სოფლადაა, სადაც გოგონები ადრეული ასაკიდანვე გამოჰყავთ სკოლებიდან და სადაც ბავშვთა ქორწინება ყველაზე ხშირად ხდება.

2013 წელს გაზიანთეფის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თურქეთში სამი ქორწინებიდან ერთში ბავშვის ასაკის პირი მონაწილეობს. თურქი ბავშვებისა და ასაკოვანი კაცების ქორწინება არაერთხელ დასრულებულა საბედისწეროდ. მხოლოდ 2014 წელს ორი ე.წ. გათხოვილი ბავშვი გარდაიცვალა. პირველ შემთხვევაში, 14 წლის გოგონას ცეცხლსასროლი იარაღით ვითომ თვითმიყენებული სასიკვდილო ჭრილობები აღენიშნებოდა, რაც თვითმკვლელობადაც გამოაცხადეს. სავარაუდოდ, იგი ასაკოვან კაცს 10 ან 11 წლის ასაკში მიათხოვეს. მეორე შემთხვევაში კი, 15 წლის სეტერ ასლანი (Seter Aslan) ასევე ცეცხლსასროლი იარაღით გარდაიცვალა, რაც ასევე სუიციდად მოინათლა.