ბავშვზე ძალადობა

მიანმაში გაუპატიურების სამი წლის მსხვერპლმა სასამართლოში ჩვენება მისცა

მიანმაში სამი წლის გოგონამ ჩვენება მისცა გაუპატიურების რეზონანსულ საქმეზე. დასახელებული მოვლენა ამა წლის მაისში მოხდა, როდესაც იგი სულ რაღაც 2 წლის იყო.

გოგონა, რომელიც საქმის მასალებში ფსევდონიმი “ვიქტორიათი” ფიგურირებს, ადვოკატების თანდასწრებით დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ვიდეოკავშირის მეშვეობით უამბობდა სასამართლოს იმის შესახებ, თუ რა მოხდა მის თავს.

წინა მოსმენებისგან განსხვავებით, ბავშვის ვინაობის გახმაურების თავიდან ასაცილებლად, სხდომათა დარბაზში არ დაუშვეს პრესისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

როგორც ცნობილია, ჩვენების მიცემის პროცესში, გოგონამ ორი კაცის ფოტო ამოიცნო, რომლებიც აქამდე საქმეში არ ფიგურირებდნენ.

ვიქტორიას საქმემ მიანმაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, არამხოლოდ სავარაუდო მსხვერპლის მცირე ასაკის, არამედ ჩვენების მიცემის პროცედურის იმ ფორმის გამო, რომლის პირობებშიც გოგონა დაიკითხა.

ხელისუფლებისა და პოლიციის მისამართით არაკომპეტენტურობის ბრალდებებმა გაიჟღერა. ბევრს მოაჩნია, რომ ნამდვილი დამნაშავე დღემდე თავისუფალია, პოლიციამ კი სხვა ადამიანი დააკავა.

ვიქტორიაზე თავდასხმის გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით  აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა. დემონსტრაციის მონაწილეებმა ასევე მოითხოვეს ქვეყანაში სექსუალურ ნიადაგზე, განსაკუთრებით ბავშვებთან მიმართებაში, ჩადენილი დანაშაულების რიცხვის საგანგაშო ზრდის წინააღმდეგ ზომების მიღება.

16 მაისის დილით, ორი წლის გოგონა კერძო საბავშვო ბაღში Wisdom Hill მიიყვანეს, რომელიც მიანმის დედაქალაქ ნეიპიდოში მდებარეობს. ბავშვის მშობლებისა და ადგილობრივი პოლიციის მტკიცებით, სწორედ აქ გააუპატიურეს იგი.

ვიქტორიას ტრავმები პირველმა დედამისმა შეამჩნია. გამოკვლევამაც დაადასტურა, რომ გოგონაზე სექსუალურად იძალადეს.

პოლიცია აცხადებს, რომ მომხდარიდან მალევე, გოგონას მკურნალობა დაენიშნა და მისი დაკითხვა ვერ შეძლო, ხოლო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა.

30 მაისს დააკავეს სკოლის 29 წლის მძღოლი აუნ გიაი. მაგრამ, მისი დნმ-ის ანალიზით ვერაფერი გაირკვა და მალე, სამხილების უკმარისობის გამო, იგი გაათავისუფლეს.

3 ივლისს აუნ გიაი კვლავ დააკავეს. იგი დღემდე პატიმრობაშია, თუმცა მის ბრალეულობაში ეჭვები კვლავ არსებობს.

ამასობაში, საქმეში გამოჩნდა ორი გარეშე პირი, რომლებიც, გოგონას მამის თქმით, ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებულ კადრებზე ამოიცნეს.

თუმცა, ამ ორი არასრულწლოვნის წინააღმდეგ არანაირი სხვა მტკიცებულება არ მოიპოვებოდა იმ მომენტამდე, სანამ გოგონამ მათი ფოტოები სასამართლოზე ჩვენების მიცემისას არ ამოიცნო. მისი თქმით, ერთ-ერთმა მათგანმა მას მკერდში ჩაარტყა, ხოლო მეორე სასქესო ორგანოებზე შეეხო.

“მინდა, სიმართლე გავიგო და მანამ არ დავმშვიდდები, სანამ ჩემსას არ მივაღწევ, რა დროც არ უნდა წაიღოს ამან. ეს არის პატარა, უმანკო ბავშვის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული”, – აცხადებს ვიქტორიას მამა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ფიზიკურ, ემოციურ ან სექსუალურ ძალადობას 2-დან 17 წლამდე ასაკის მილიარდამდე ბავშვი განიცდის. 2014 წელს, იუნისეფის გამოთვლით, სექსუალური ძალადობა 120 მილიონზე მეტმა არასრულწლოვანმა გამოიარა.

წყარო: bbc.com