"საფარის" საქმეები / იურიდიული დახმარება

პოლიციელს, რომელმაც ელენა ბლაგოდარნაია დაასახიჩრა და მისი ყოფილი ქმარი მოკლა, 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

ამა წლის 31 მაისს, წერეთლის გამზირზე, მოქმედმა პოლიციელმა ალექსანდრე ჯინჭველაშვილმა ნაქირავებ ბინაში 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად მცხოვრებ 34 წლის ელენა ბლაგოდარნაიას ესროლა და დაჭრა, შემდეგ კი მის ყოფილი მეუღლე მოკლა.

ოჯახში ძალადობის, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე ორი პირის მიმართ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული პოლიციელი ალექსანდრე ჯინჭველაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული, არერეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ოჯახის წევრზე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად ძალადობდა, ამცირებდა და აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. 2018 წლის 31 მაისს, ა. ჯ., რომელიც შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი იყო, მივიდა ქ. თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ სახლში. ბრალდებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე, განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ზურგის არეში ესროლა ოჯახის წევრს-მეუღლეს. ამის შემდგომ, ა. ჯ-მ, იმავე იარაღიდან სამი გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მეუღლის ყოფილ ქმარს. დანაშაული ბრალდებულმა არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩაიდინა“, – ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ელენა ბლაგოდარნაიას ინტერესებს “საფარი” იცავს. ორგანიზაციის მოთხოვნით, ალექსანდრე ჯინჭველაშვილის ბრალის დამძიმების მიზნით, პროკურატურა განაჩენს გაასაჩივრებს. ამ მომენტისთვის, ჯინჭველაშვილის გასროლის შედეგად დაზარალებულ ელენა ბლაგოდარნაიას მარჯვენა ხელის ფუნქცია სრულიად დაკარგული აქვს.

დასახელებულ საქმესთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ პრესკონფერენცია ორჯერ გამართა, საქმეში მონაწილე პატრულის თანამშრომლების სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნით. შეგახსენებთ, რომ ელენა კარს არ უღებდა მოძალადეს, მკვლელი პოლიციამ შეიყვანა სახლში, შემდეგ კი, პატრულის თანამშრომლებმა არანაირი ზომა არ მიიღეს მკვლელის ქმედებების გასანეიტრალებლად და ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად. “საფარის” ძალისხმევის შედეგად, პატრულ-ინსპექტორების ლევან ვარდოსანიძისა და კახაბერ ხვედელიძის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია.