ბლოგები / სექსუალური ძალადობა / ქალზე ძალადობა

საკუთარ თავზე გამოცდილი მწარე რეალობა

16 წლის ვიყავი, როდესაც სხეულიდან ამომაგლიჯა ის ერთადერთი წმინდა წერტილი, რომელიც ჩემს ბავშვურ ხასიათს და ქცევებს საგულდაგულოდ ინახავდა. ამომაგლიჯა, თან ისე, რომ არც სითბო მიუყოლებია, არც ტკბილი სიტყვა და არც – სიყვარული. პატარა ბავშვის უმანკოებით და გულუბრყვილობით ისარგებლა. მომექცა ისე, როგორც ცხოველებს ექცევიან. აიხდინა საწადელი და მიბრძანა, რომ ჩამეცვა და გამეგრძელებინა გზა. არ იფიქროთ, რომ ხელებით ვებღაუჭები ამ “სიწმინდეს”, უბრალოდ წარმოიდგინეთ 16 წლის ბავშვი, რომელიც ამხელა სამყაროს წინაშე სრულიად მარტო დარჩა. ვერ მიიღო თანაგრძნობა ახლობელი ადამიანებისგან, რადგან ეს “არ შეიძლებოდა”, ყოფილიყო საჯარო განხილვის საგანი.

არა, არ გეგონოთ, რომ ვნანობ ამ საქციელს და “აპკს” ვეკიდები, უბრალოდ არა მგონია, რომელიმე ქალს ჰქონდეს სურვილი, ცხოველური ჟინით შეპყრობილი “კაცის” მსხვერპლი აღმოჩნდეს, თითქოს ქალი ლეში იყოს და როგორც კაცს სურს, ისე ატრიალებდეს ხან იქით, ხან აქით…

შემდეგ გავიდა დრო. კაცებთან ურთიერთობაში უდიდეს დისტანციას ვიჭერდი და ზუსტად მაშინ, როდესაც ჩემში ნდობას ნელ-ნელა ვაღვიძებდი, მეხის გავარდნასავით თავზე დამეცა გაცხოველებული მამაკაცი, რომელმაც ისარგებლა ჩემი არაფხიზელი მდგომარეობით და რომ არა ჩემი გულყრა, ალბათ მეორეჯერ გავხდებოდი მსხვერპლი…

ამ დროს 17 წლის ვიყავი. ხმა ვერ ამოვიღე, რადგან ჩემ გარშემო გამეფებული იყო ქალის ლანძღვა და ღირსებისკენ თითის გაშვერა.. არც დედასთან ვიყავი ახლოს, რომ მისთვის გამეზიარებინა და დახმარება მეთხოვა, არც მეგობრები მყავდა გარშემო, და კიდევ მრავალი ყოველდღიური ფაქტი შემიძლია გავიხსენო, რომელიც ჩემი ფსიქიკის რღვევას იწვევდა…

მოკლედ, დღეს 22 წლის ვარ. შეყვარებულიც მყავდა, პარტნიორიც, მაგრამ მაინც შინაგანი ხელისკვრა და უნდობლობა გამაჩნია კაცების მიმართ, მათ მიერ დაწესებული უაზრო კანონების მიმართ, რომელიც მხოლოდ ქალის დამცირებას და შეურაცხყოფას ისახავს მიზნად…

და, თქვენ წარმოიდგინეთ, კიდევ რამდენი ძალადობის მსხვერპლი ქალი დადის ამ ქვეყანაში, რომლებიც ასე საჯაროდაც კი ვერ გამოთქვამს საკუთარ აზრს.

და მე იმედი მაქვს, რომ ერთმანეთის გვერდში ყოფნით გავძლიერდებით და მივხვდებით, რომ ქალი ყველაზე დიდი ძალაა მსოფლიოში…