"საფარის" აქტივობები / სიახლეები

“საფარის” იურისტი უკვე სამცხე-ჯავახეთშიც იმუშავებს

“საფარს” ახალი რეგიონული იურისტი ჰყავს – დიმიტრი ჩხიტუნიძე სამცხე-ჯავახეთში იმუშავებს და რეგიონში მცხოვრებ ქალებსა და ბავშვებს ადგილზე გაუწევს ყველა სახის სამართლებრივ მომსახურებას.

30-31 მარტს ჩატარდა გაცნობითი შეხვედრები ახალციხეში, სადაც ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას – არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მედიასა და აქტივისტებს გავაცანით ორგანიზაციის სერვისები და რეგიონული იურისტი. გარდა ამისა, შეხვედრა ჩატარდა მოსახლეობასთან, ძირითადად ახალგაზრდა ქალებთან, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ ადგილზე გაევლოთ სამართლებრივი კონსულტაცია. შეხვედრებს უძღვებოდა “საფარის” რეგიონული იურისტების კოორდინატორი, თამარ ლუკავა.

ახალციხეში “საფარის” იურისტი იმუშავებს ორგანიზაციის პარტნიორი ასოციაციის, “ტოლერანტის” ოფისში.

სამცხე-ჯავახეთი არის მეხუთე რეგიონი, სადაც „საფარს“ ადგილობრივი წარმომადგენელი ჰყავს. თბილისის ცენტრალური ოფისის გარდა ორგანიზაციის იურისტები უკვე მუშაობენ აჭარის, იმერეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში.

ახალი რეგიონული იურისტი “საფარში” Mercy Corps-ის მხარდაჭერით, პროგრამის – ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის“ (WISE) ფარგლებში იმუშავებს. აღნიშნული პროგრამა ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით და Mercy Corps საქართველოს ორგანიზებით – აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში – ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით.