"საფარის" საქმეები / იურიდიული დახმარება / სექსუალური შევიწროება

საფარის საქმე: ადვოკატის მხრიდან განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე გამოცემული შემაკავებელი ორდერი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა ნ. გ.-მ ადვოკატი ლ. ჯ-ის მიერ მის მიმართ ჩადენილი ფსიქოლოგიური ძალადობის, სექსუალური შევიწროების და საჯარო  შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით, დახმარებისათვის საფარს 2020 წლის სექტემბრის დასაწყისში მიმართა.

ნ.-ს სოციალური ქსელის Facebook-ის მეშვეობით დაუკავშირდა ადვოკატი ლ. ჯ., რომელმაც სამართლებრივი კონსულტაცია შესთავაზა. თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ადვოკატი კლიენტს სექსუალურად ავიწროებდა. მიმოწერის  დროს, იგი ხშირად არ საუბრობდა სამართლებრივ საკითხებზე, სამაგიეროდ, ნ.-ს პერიოდულად  უგზავნიდა თავის პირად ფოტოებს/ვიდეოებს, და სხვადასხვა ხერხებით ცდილობდა, იგი ურთიერთობაზე დაეთანხმებინა.

როდესაც მსხვერპლმა ამ შეთავაზებებზე მტკიცე პროტესტი გამოხატა, ადვოკატმა ლ. ჯ-მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას, უწოდა „უტვინო“, „გოიმი“, „სოფლელი“, „განათხოვარი“, და მის ყოველმხრივ დისკრედიტაციას შეეცადა.

უამრავი შეურაცხმყოფელი შემთხვევის შემდეგ, ნ.-მ ადვოკატს მასთან კონტაქტის ყველანაირი საშუალება დაუბლოკა.

მოძალადე არ დამშვიდდა და კვლავ ჰქონდა ნ.-სთან დაკავშირების მცდელობები 3 სხვადასხვა ფეისბუქ პროფილიდან, რომლებიც ამ უკანასკნელმა ასევე დაბლოკა.

გარდა ამისა, ადვოკატი თვალს ადევნებდა ნ.-ს აქტივობას ფეისბუქზე, “დიღმის მასივის” ჯგუფში, სადაც ასევე თვითონაცაა გაწევრიანებული, მსხვერპლის კომენტარის გამოყენებით, მისი საცხოვრებელი მისამართის გაგება შეძლო და მას ამ მისამართზე მიადგა, რაც ნ.-სთვის უკიდურესად არასასურველი და გამაღიზიანებელი იყო.

ამ ფაქტების საფუძველზე, სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენის მიზნით, საფარმა სახალხო დამცველსა და ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის  კომისიას მიმართა.

ამ ფაქტის შემდეგ, ადვოკატმა ლ. ჯ-მა დაურეკა ნ. გ.-ს და დაჟინებით მოსთხოვა შეხვედრა, რაზე უარის მიღების შემდეგ, თავის პირად ფეისბუქ გვერდებზე და ასევე სხვადასხვა საჯარო ჯგუფებში გამოაქვეყნა შეურაცხმყოფელი საჯარო პოსტები, რომელსაც დაურთო ნ.-ს ფეისბუქიდან უნებართვოდ აღებული, მოპარული პირადი ფოტო.

ამ პოსტებზე, უამრავი ადამიანი საჯარო კომენტარებით შეურაცხყოფას აყენებს ნ.-ს. კომენტარებში განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა თავად ადვოკატი ლ. ჯ., რომელიც მსხვერპლს მტრულ, შეურაცხმყოფელ, ღირსების შემლახავ გარემოს უქმნის.

აღნიშნული ფაქტების საფუძველზე, 2020 წლის 30 ნოემბერს, საფარმა საგამოძიებო ორგანოს მიმართა. ამასთანავე, ნ.-ს დაცვის უზრუნველსაყოფად, ოპერატიული რეაგირებისათვის, მოთხოვნილ იქნა შემაკავებელი ორდერის გამოცემა.

2020 წლის 2 დეკემბერს, მოძალადე ადვოკატის მიმართ, ნ.-ს დაცვის მიზნით, შემაკავებელი ორდერი გამოიცა.

მოძალდემ ორდერი გაასაჩივრა.

აღსანიშნავია, რომ მთელი სამართალწარმოების სტადიებზე, მოძალადე და მისი ადვოკატები ნ.-ს მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ.

საფარის მოტივირებული შუამდგომლობის შესაბამისად, სასამართლო სხდომა დაიხურა და ინკამერა პროცესი მიმდინარეობდა. საქმეში ფიგურირებს უამრავი პირდაპირი სახის მტკიცებულება, რაც ადასტურებს ლ. ჯ-ის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის ჩადენას ნ.-ს მიმართ.

2020 წლის 30 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ თამარ მეშველიანმა გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, არ დაკმაყოფილდა მოძალადე ლ. ჯ-ის სარჩელი და ძალაში დარჩა ნ.-ს დაცვის უზრუნველსაყოფად გამოცემული შემაკავებელი ორდერი.

ორდერი  გასაჩივრებულ იქნა  თბილისის სააპელაციო სასამართლოში. სასამართლოს  წინაშე  ლ.ჯ. და  მათი  ინტერესების  დამცველი ადვოკატი ამტკიცებდნენ, რომ მიმოწერები საფარის ადვოკატებმა და მსხვერპლმა გააყალბეს. ასევე, მათ წარმოადგინეს ჩვენ მიერ წარმოდგენილი მიმოწერის ანალოგიური ვერსია და სასამართლოს  უმტკიცებდნენ, რომ ეს იყო მსუბუქი „მეგობრული“ მიმოწერა. გარდა ამისა, თავის საჯარო პოსტებში ლ. ჯ. ამტკიცებდა, რომ აზრის გამოხატვის ფარგლებში იყენებდა  სიძულვილის ენას და შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ გარემოს ქმნიდა მსხვერპლის  მიმართ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ლ. ჯ.-ის საჩივარი და სრულად  გაიზიარა საფარის ადვოკატების  პოზიცია, ლ. ჯ.-ის ქმედებები შეფასებულიყო ფსიქოლოგიურ ძალადობად და არასასურველ კომუნიკაციად.

საფარი განაგრძობს  ლ. ჯ.-ის მსხვრპლების ინტერესების დაცვას სახალხო დამცველთან და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის  კომისიაში.

“საფარი” აღნიშნულ საქმეს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებს.