"საფარის" საქმეები / იურიდიული დახმარება

საფარის საქმე: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლამ ვერ უზრუნველყო მოსწავლის მიმართ კანის ფერის გამო დისკრიმინაციული მოპყრობის აღკვეთა

კავშირმა ,,საფარმა’’ 2016-2021 წლებში სასამართლოში აწარმოა სამოქალაქო დავა მოსარჩელის – მ. უ. ჩ.-ს სარჩელის გამო, მოპასუხის – თბილისის N130 საჯარო სკოლის მიმართ, დისკრიმინაციული მოპყრობით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით, მ. ჩ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს – თბილისის N130 საჯარო სკოლას, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით თანხის – 1 000 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 15 თებერვლის განჩინებით, კასატორის (მოპასუხის) – თბილისის N130 საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის N130 საჯარო სკოლის მოსწავლე – მ. უ. ჩ., თავისი კანის ფერის გამო, გახდა თანაკლასელების მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი, რა დროსაც საჯარო სკოლამ ვერ უზრუნველყო შემწყნარებლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ გარემოში ბავშვის მიერ განათლების მიღების უფლების დაცვა.

“საფარი” აღნიშნულ საქმეს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებს.