"საფარის" საქმეები / იურიდიული დახმარება

“საფარის” საქმე: სასამართლომ სუს-ის თანამშრომელი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო

ძალადობის მსხვერპლმა მ. რ.-მ და  მისმა არასრულწლოვანმა შვილმა დახმარებისათვის „საფარს“ მიმართეს. 2017 წლიდან, მ. რ-ისა და მისი არასრულწოლვანი შვილის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  თანამშრომელი სექსუალურ, ეკონომიკურ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ  ძალადობას ახორციელებდა.

რამდენიმე თვეა, დაზარალებულს ადვოკატირებასა და იურიდიულ დახმარებას  ორგანიზაცია „საფარი“ უწევს. ახალგაზრდა  ქალზე მოძალადე არამარტო ძალადობას, არამედ  არაადამიანურ და  დამამცირებელ მოპყრობას ახორციელებდა. დაშინებული, მსხვერპლი მიუხედავად სურვილისა, მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისათვის, თავის  დაცვას ვერ ახერხებდა. უფრო მეტიც: სუს-ის  თანამშრომელი მსხვერპლს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, თუ ძალადობის შესახებ სამართალდამცავ ორგანოში განაცხადებდა.

„საფარის“ დახმარებით, მ. რ-მ პოლიციას მიმართა. იგი აცხადებდა, რომ სისტემატურად იყო უკანონო თვალთვალის, არასასურველი კომუნიკაციის მსხვერპლი, აღნიშნული ვითარება იწვევდა მის ფსიქიკურ ტანჯვას და ცხოვრების წესის შეცვლას აიძულებდა. შედეგად, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  126-ე მუხლით, რაც ძალადობას მოიცავს.

„საფარის“ აქტიური ჩართვის შედეგად, 2017 წლის 19 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი თხოვნა დამცავი ორდერის თაობაზე როგორც მ. რ-ის, ასევე მისი არასრულწლოვანი შვილის, მ. მ -ს მიმართ. ბავშვზე, როგორც ძალადობის მოწმეზე, გამოსცა დამცავი ორდერი; შედეგად, სუს-ის თანამშრომელი აღიარებულ იქნა მოძალადედ და 6 თვით, აეკრძალა ნებისმიერი კომუნიკაცია მსხვერპლთან.

დამცავი ორდერის გამოცემიდან ორ დღეში, მოძალადემ დაარღვია  დამცავი ორდერის პირობები. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას შეუფარდა  24 საათით ადმინისტრაციული პატიმრობა; ამასთანავე, ვინაიდან იგი ზეგავლენას  ახდენდა გამოძიების პროცესზე, დაკმაყოფილდა „საფარის“ მოთხოვნა მის თანამდებობიდან მოხსნის  თაობაზე.

2018 წლის 21 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სს კოდექსის 126-ე მუხლით დამნაშავედ ცნო სუს-ის თანამშრომელი, მას 4 წლით პატიმრობა შეუცვალა 4 წლით პირობით გამოსაცდელი ვადით და 5000 ლარი ჯარიმა შეუფარდა.