სექსუალური ძალადობა

ტაქსისტის მიერ გაუპატიურებულმა ბრაზილიელმა მწერალმა ძალადობის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო

“მე კვლავ სტატისტიკად ვიქცევი”, – ამბობს 38 წლის ბრაზილიელი ფემინისტი მწერალი კლარა ავერბუკი (Clara Averbuck). საქმე იმაშია, რომ კლარა სან-პაულუში Uber-ის ტაქსის მძღოლმა გააუპატიურა, მაგრამ მას პოლიციაში არ უჩივლია, რადგან ამის აზრს ვერ ხედავს. “სექსუალური ძალადობა ერთადერთი დანაშაულია, რომლის მტკიცებაც მსხვერპლს უწევს. არ მინდა, მოძალადე დაუსჯელი დარჩეს, მაგრამ ისიც არ მსურს, რომ სახელმწიფოებრივ ძალადობას დავექვემდებარო”, – ამბობს კლარა.

როგორც კი მწერალმა მომხდარის შესახებ Twitter-ზე დაწერა, მას Uber მყისვე გამოეხმაურა. კომპანია Uber-მა, რომელიც ქალთა უფლებების დაცვის კუთხით აქტიურობით გამოირჩევა, მძღოლს ტარების უფლება უკვე ჩამოართვა. კომპანია მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

38 წლის კლარა გაუპატიურების მსხვერპლი პირველად არ გამხდარა. 13 წლის ასაკში, კერძო სკოლის წვეულებისას, იგი სამმა კაცმა გააუპატიურა. მწერლის ეს ისტორია ფიგურირებს სანდრა ვერნეკის (Sandra Werneck) დოკუმენტურ ფილმში “გამოვიდა ერთთან, გამოვა სხვებთანაც” (Mexeu com uma, Mexeu com todas).

“მე კვლავ გამაუპატიურეს, იმიტომ, რომ ქალი ვარ. ამგვარი რამ ნებისმიერს შეიძლება შეემთხვას, ნებისმიერ დროს, და უსუსურობა და სასოწარკვეთა გარდაუვალია. ქალისთვის, სამყარო უსაშინლესი ადგილია”, – წერს კლარა.

გადატანილ ძალადობასთან დაკავშირებით, ავერბუკმა სოციალურ ქსელებში ჰეშთეგით #MeuMotoristaAbusador, ქალზე ძალადობის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო. ჰეშთეგის ქვეშ, ძალადობის მსხვერპლი ქალები და კაცები საკუთარ შემზარავ ისტორიებს გვიამბობენ.

კვლევების თანახმად, ბრაზილიაში ყოველ საათში ხუთი გაუპატიურება ხდება. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ პოლიციაში შესული საჩივრების სტატისტიკაა, ხოლო ისეთი გაუპატიურების შემთხვევები, როგორიც კლარას შეემთხვა, ყველანაირი აღრიცხვის მიღმა ექცევა.