"საფარის" აქტივობები / სიახლეები

2 ივლისს „შინ ევროპაში“ კამპანიის ფარგლებში აქტივისტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლები თავს დაესხნენ

2 ივლისს, ქალაქ მარნეულში, სამოქალაქო აქტივისტები ეწეოდნენ საინფორმაციო კამპანიას #შინევრიპისკენ, რა დროსაც მათ თავს დაესხნენ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები – აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ჰქონდათ  ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობაც.  პოლიცია ცდილობდა დაპირისპირების განმუხტვას, თუმცა არ ახდენდა სათანადო რეაგირებას თვითმმართველობის თანამშრომლების მხრიდან უკანონო ქმედებების აღსაკვეთად.

განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი გახდა ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა. თვითმმართველობის თანამშრომლები მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ და ცდილობდნენ ფიზიკური დაპირისპირების პროვიცირებას. ორმაგად მიუღებელია ის ფაქტი, რომ აქტივისტების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში მონაწილეობდა მარნეულის მერიის ქალთა ოთახის ხელმძღვანელი რიმა ოთარაშვილი, რომლის პირდაპირი მოვალეობაა ხელი შეუწყოს ქალების როლის და ფუნქციის გაზრდას თვითმმართველობის საქმიანობაში და უზრუნველყოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური უთანასწორობის აღმოფხვრა.

2 ივლისის შემდგომ, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე, საკრებულოს აპარატი და მერიის თანამშრომლები აგრძელებენ როგორც აქტივისტების, ისევე მედიის წარმომადგენლების შეურაცხყოფასა და დისკრედიტაციის მცდელობას სოციალურ ქსელებში. სამირა ბაირამოვასთან ერთად, განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი გახდა რადიო მარნეულის ხელმძღვანელი, კამილა მამედოვა. ცალკე ასაღნიშნავია მათი მხრიდან პირადი ცხოვრების შესახებ ფაქტების გასაჯაროება და გასაჯაროების მუქარა.

მერიის და საკრებულოს თანამშრომლების მხრიდან „გამოხატვის თავისუფლების“ უხეში და უკანონო ფორმები წარმოადგენს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით საჯარო მოხელის ეთიკური ნორმების დარღვევას და არის საჯარო მოხელისთვის შეუფერებელი ქცევა.  კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს მოხელის მიერ ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების დაცვის ვალდებულებას. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 72-ე და 77-ე მუხლების შესაბამისად, ნებისმიერი  მოხელე ვალდებულია დაიცვას საჯარო სამსახურის პრინციპები (პოლიტიკური ნეიტრალიტეტი; კანონიერება, ეთიკის წესების დაცვა) და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისაგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საჯარო სამსახურის რეპუტაციას. მოხელე ვალდებულია, პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ემსახუროს ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს.

2022 წლის 2 ივლისს მუნიციპალიტეტში დასაქმებული საჯარო მოხელეების აშკარა, შეურაცხმყოფელი ქცევები,  სიძულვილის ენა და ამავე პირების მიერ აქციის შემდგომ, სოციალურ ქსელში დღემდე მიმდინარე აქტივობები პირდაპირ და უხეშად ხელყოფს საჯარო სამსახურის პრინციპებს, შეუთავსებელია ეთიკურ ღირებულებებთან და არღვევს არაერთი ადამიანის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას. ამასთან, არსებობს გონივრული ეჭვები,  რომ ამ მოხელეების ქცევები მოტივირებულია პარტიული ინტერესებით, რაც, ასევე, არღვევს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს.

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“   საქართელოს კანონის მე-132 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურემ თავისი საქმიანობა უნდა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესების შესაბამისად. საჯარო მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის რეპუტაციას, შესაბამისი საჯარო დაწესებულების ან სახელმწიფო სამსახურის/საჯარო სამსახურის რეპუტაციას.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილების – „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ – მე-6 მუხლის  თანახმად, საჯარო მოსამსახურე თავს იკავებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას კომუნიკაციის საშუალებებით, მათ შორის, სოციალური ქსელების გამოყენებით, ისეთი ქმედებებისაგან, განცხადებებისაგან ან/და სოციალური აქტივობისაგან, რომელიც შესაძლებელია, აღქმულ იქნეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებად. ამავე დადგენილების, მე-11 მუხლის მიხედვით, საჯარო მოსამსახურე თავს იკავებს საჯაროდ სიძულვილის ენის გამოყენების ან/და დისკრიმინაციული ხასიათის კომენტარის გაკეთებისგან, რომელმაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების მიუკერძოებლად და ობიექტურად განხორციელება. აქვე საჯარო მოსამსახურე თავს იკავებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ისეთი ქმედებებისგან, განცხადებებისაგან ან/და სოციალური აქტივობისგან, რომელმაც შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულება.

ნიშანდობლივია, რომ საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ მიიჩნევა დისციპლინურ გადაცდომად, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მხრიდან დაუყოვნებლივ დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველია.

როგორც აღინიშნა, მოხელის შეუფერებელი ქცევა ზიანს აყენებს კონკრეტული სამსახურის და სახელმწიფოს რეპუტაციას. მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ  საჯარო სამსახურის ქცევის წესებთან შეუსაბამო ქმედებები დღემდე გრძელდება – აღნიშნული პირები სოციალურ ქსელში სისტემატურად განაგრძობენ აქტივისტებზე საჯაროდ თავდასხმებს, შეურაცხყოფას, პერსონალური მონაცემების გამოქვეყნებას, სიძულვილის ენის გამოყენებას, როგორც სამუშაო ისე არასამუშაო დროს. ამდენად, აუცილებელია მუნიციპალიტეტის მხრიდან მყისიერი რეაგირება, როგორც კონკრეტული აქტივისტების უფლებების დასაცავად, ისე მუნიციპალიტეტის და სახელმწიფოს რეპუტაციის შემლახველი პროცესის შესაჩერებლად.

დღეს, როცა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას ადგას, სახელმწიფოს  პირდაპირი მოვალეობაა სამოქალაქო სექტორთან და მედიასთან თანამშრომლობა და იმგვარი პოლიტიკის წარმოება,  რომელიც შეამცირებს მკვეთრი პოლარიზაციას. ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან მსგავსი მოქმედებები ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, აძლიერებს პოლარიზაციას და თვითმმართველობას წარმოაჩენს მოძალადე ადამიანების ერთობად.

ჩვენ, სამოქალაქო აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოება შეშფოთებას გამოვთქვამთ შექმნილი სიტუაციის გამო და მოვუწოდებთ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას, დაუყოვნებლივ დაიწყოს დისციპლინური წარმოება საჯაროდ  ჩადენილი და დღემდე მიმდინარე გადაცდომებისთვის:

თანამდებობიდან გაათავისუფლოს რიმა ოთარაშვილი და ირმა ზარქუა;
თანამდებობიდან გაათავისუფლოს ააიპ ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანების (სკოლამდელი აღზრდის ცენტრის) დირექტორის მოადგილე, სოსო ინაძე, რომელიც არღვევდა კანონს, სიტყვიერ შეურაცყოფას აყენებდა, უფრო ზუსტად კი „დედას  აგინებდა“ სამირა ბაირამოვას.
თვითმმართველობის ცალკეულმა პირებმა შეწყვიტონ პოზიციის შეურაცხმყოფელად გამოხატვა და დაუყოვნებლივ დაიწყონ მედიასა და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა.

ჩვენ, ამ პეტიციაზე ხელმომწერი პირები მოვითხოვთ, შეწყდეს არაფრისმომცემი და მადისკრედიტირებელი კამპანია! მოვუწოდებთ მარნეულის თვითმმართველობას თანამშრომლობისა და კონსესუსზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოაყალიბებისკენ როგორც მედიის, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

ხელმომწერები:

საფარი;
სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
უფლებები საქართველო
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);
საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი;
მედიაომბუდსმენი;
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის;
სატელევიზიო ქსელი;
ფემინა;
მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი;
მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება;
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო;
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
დემოკრატიის მცველები;
ღია სივრცე კავკასია;
ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის;
საქართველოს შემეცნებითი ცენტრი;
გააღვიძე აქტივიზმი