"საფარის" აქტივობები / ადრეული ქორწინება

“საფარის” პროექტი “ადრეული ქორწინების პრევენცია ქვემო ქართლსა და კახეთში” დასასრულს უახლოვდება

2017-2018 წლებში, პრეზიდენტის ფონდისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით, “საფარი” ახორციელებს პროექტს “ადრეული ქორწინების პრევენცია”.

2017 წლის პროექტის ფარგლებში („ადრეული ქორწინების პრევენცია ქვემო ქართლში“), ორგანიზაციამ ქვემო ქართლის 90 სკოლაში, ეთნიკური აზერბაიჯანელი ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით, ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის პრევენციის საკითხებზე იმუშავა. მე-7-მე-12 კლასის მოსწავლეებთან შეხვედრებით, “საფარმა” ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების კამპანია აწარმოა.

2018 წელს, პროექტის “ადრეული ქორწინების პრევენცია ქვემო ქართლსა და კახეთში” ფარგლებში, ადრეული ქორწინების პრევენციასთან დაკავშირებით, “საფარმა” ქვემო ქართლის 36 აზერბაიჯანულენოვან და კახეთის 8 სკოლაში მშობლებთან შეხვედრები გამართა.

დღეს, რუსთავში, “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში”, “საფარის” მიერ განხორციელებული ორწლიანი პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ სოფიო შამანიდი (პრეზიდენტის მრჩეველი უმცირესობების საკითხებში), ლელა ბაქრაძე (გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი), ბაია პატარაია (“საფარის” აღმასრულებელი დირექტორი), ნათია გვრიტიშვილი (მოცემული პროექტების კოორდინატორი), ასევე ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ისაუბრეს ადრეული ქორწინების მხრივ დღესდღეობით საქართველოში არსებულ მდგომარეობასა და სტატისტიკაზე, “საფარის” კონკრეტული პროექტების შედეგებზე, მუნიციპალიტეტების როლზე მოზარდებისა და ახალგაზრდების განვითარებაში, ასევე მიმდინარე პროექტებზე, საქმიანობებსა და სამომავლო გეგმებზე.