2026 წლის 8 ივლისს საფარს სოფია სიგუამ მიმართა, რომლის მეუღლეც, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა, მასზე 13 წლის განმავლობაში ძალადობდა და მოკვლით ემუქრებოდა.
საქმეში საფარის იურისტი თამარ ლუკავა ჩაერთო და იმავე დღეს პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო. პარალელურად,სოფია სიგუა, 112-ს დაუკავშირდა და შემაკავებელი ორდერის გამოცემა მოითხოვა. თუმცა, 9 ივლისს, ოთხი განხორციელებული ზარის მიუხედავად, სამართალდამცველების მხრიდან რეაგირება არ მომხდარა. მეტიც, გაირკვა, რომ ორდერის მოთხოვნის შესახებ უკვე თავად იოსებ სიგუამაც გაიგო.
10 ივლისს დაზარალებულმა საფართან ერთად კვლავ მიმართა 112 და შსს-ს გენერალურ ინსპექციას, უწყებამ მსხვერპლის მონაწილეობით რისკის შეფასების კითხვარი შეავსო, რამაც, არსებული რისკების გათვალისწინებით, შემაკავებელ ორდერთან ერთად ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების საჭიროება გამოავლინა.
საჭირო პროცედურა საღამოს 8 საათზე დასრულდა, თუმცა ქალი სპეციალური აპარატის დამონტაჟებას კიდევ 5 საათის განმავლობაში ელოდა. შსს-ში დარეკვისას მას პასუხობდნენ, რომ გარკვეულ პროცედურებსა და მოძალადესთან დაკავშირებას დრო სჭირდებოდა. გვიან ღამით, უკვე 11 ივლისს, ელექტრონული ზედამხედველობის აპარატი ამოქმედდა.
იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, პროტოკოლის მიხედვით, ელექტრონული ზედამხედველობის დასამტკიცებლად სასამართლოს მიმართა. 12 ივლისს გამართულ სხდომაზე, სოფია სიგუას ინტერესებს საფარის იურისტი, თამარ ლუკავა იცავდა, რომელმაც სასამართლოს დასაბუთებული პოზიციით მიმართა და შესაბამისი მტკიცებულებები წარადგინა. სასამართლომ საფარის პოზიცია სრულად გაიზიარა და მოთხოვნა 1 თვის ვადით დააკმაყოფილა.
აღსანიშნავია, რომ პარალელურად, იოსებ სიგუა და მისი ადვოკატები მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს საქმე ქონებრივ დავას ეხება. ამგვარი ცრუ ნარატივით დაცვის მხარე ცდილობს დაჩრდილოს და მეორეხარისხოვანი გახადოს მსხვერპლის 13-წლიანი ძალადობრივი გამოცდილება, რაც სოფია სიგუას დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. მოვუწოდებთ მედია საშუალებებს, გადაამოწმონ ინფორმანცია და თავი შეიკავონ ცალმხრივი გაშუქებისგან.
ამჟამად თბილისის პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმის გამოძიება გრძელდება და საფარის ჩართულობით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.



