"საფარის" საქმეები / სიახლეები

დაკავებულია კაცი, რომელიც ყოფილ ცოლზე შვილების თვალწინ ძალადობდა

12 მარტს საფარს მიმართა ქალმა, რომელზეც ყოფილი ქმარი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა და მოკვლით ემუქრებოდა. კაცი, რომელიც ოჯახში ძალადობისა და მუქარის მუხლით სამჯერ უკვე იყო ნასამართლევი, ციხის დატოვების შემდეგ, ქალის სახლში ყოვედღიურად მიდიოდა, მისი პირადი ცხოვრების გაკონტროლებას ცდილობდა, შეურაცხყოფას აყენებდა და არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ქალის დახრჩობაც სცადა.

ქალმა, საფარის იურისტს – ნინო ანდრიაშვილს, ასევე მოუყვა, რომ ერთ დღეს, როდესაც ის სახლში არ იმყოფებოდა, 5 წლის შვილი კი  მამასთან ერთად დარჩა, კაცმა სახლში ნაცნობი ქალი და კაცი დაპატიჟა, რომლებმაც სქესობრივი კავშირი იმავე ოთახში დაამყარეს, სადაც არასრულწლოვანი იმყოფებოდა. ამ ქმედებით ტრავმირებულ ბავშვს  სიბნელის ფობია განუვითარდა. მან მომხდარის შესახებ უფროს ძმას უამბო.

საფართან დაკავშირების შემდეგ, იურისტმა ნინო ანდრიაშვილმა მიმართა პოლიციას. მეორე დღესვე, მასთან ერთად, ქალი და მისი ორივე არასრულწლოვანი შვილი საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს და დაკითხეს. უფროსი, 12 წლის ბავშვის ჩვენებით დადასტურდა ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები, ხოლო უმცროსს, რომელიც ძალადობის ფაქტების მოწმეა, ფსიქოლოგიური ტრავმის გამო, ჩვენების მიცემა გაუჭირდა. ბავშვთან მუშაობს ფსიქოლოგი.

კაცი 14 მარტს დააკავეს და ამჟამად გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს: ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა არასრულწლოვნის თანდასწრებით და მუქარა სიცოცხლის მოსპობით. გამოძიების ფარგფლებში,როგორც დანაშაულის დამამძიმებელი გარემოება, უნდა გამოიკვეთოს ადევნების ფაქტიც.

საფარის საკონტაქტო ინფორმაცია: 
ცხელი ხაზი:
+995 599 407 603
0322 307 603
მეილი: info@sapari.ge