"საფარის" საქმეები / იურიდიული დახმარება

საფარის საქმე: ეკა ჩხეიძის ადევნების საქმეზე ბრალდებულს 2 წლით პირობით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„საფარი“ მსახიობი ეკა ჩხეიძის ინტერესებს იცავს.
გასული წლის 28 სექტემბერს, შსს-მ ქორწინების იძულების ბრალდებით დააკავა პირი, რომელიც მუდმივად ცდილობდა, ჩხეიძის სიახლოვეს ყოფილიყო, მას 2 წლის მანძილზე საშინლად აწუხებდა, დაქორწინებას აძალებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითმკვლელობით აშანტაჟებდა. ერთ-ერთი მსგავსი ინციდენტისას, მან ეკა ჩხეიძის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში პნევმატური იარაღიდან გაისროლა.
საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საფარის იურისტებმა მიიჩნიეს, რომ მოძალადის მიერ ეკა ჩხეიძის მიმართ განხორციელებული ქმედება იყო არა მხოლოდ ქორწინების იძულება, არამედ – ადევნება, რომელიც უკვე წლებია, მის მიმართ მიმდინარეობს.
ეკა ჩხეიძის განმარტებით, რამდენიმე წლის მანძილზე, მას უჩა მიშველაძე ფაქტობრივად გასაქანს არ აძლევდა, არასასურველი კომუნიკაციით აწუხებდა. ბოლო პერიოდში, იგი გახდა აგრესიული, გადმოვიდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ჩხეიძეს უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა.
“მაქსიმალურად ვცდილობდი, თავი ამერიდებინა ამ კაცისთვის. იმის შიშით, რომ შემთხვევით არ გადამყროდა, სხვა გზით დავდიოდი ხოლმე; იგი ხშირად მაკითხავდა სახლში, ქუჩაში, მეუბნებოდა, ვუყვარდი, სურდა ჩემთან ურთიერთობა, ჩემზე დაქორწინება”, – ჩხეიძის ჩვენების ეს ნაწილი ნათლად მიუთითებს ადევნების მუხლის ყველა კომპონენტზე, რომელიც გულისხმობს:
ა.  პირადად უკანონო თვალთვალს ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას;
ბ.  პირის ან მისი ოჯახის წევრის მიმართ მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს.
გ.  განზრახ ქმედებას, რომელიც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
საფარის ჩართულობით, უჩა მიშველაძის მიმართ ამოიწერა შემაკავებელი ორდერი, მის საქმეში კი გამოიკვეთა გენდერული დისკრიმინაციის ნიშანი.
მნიშვნელოვანია, რომ საფარის შუამდგომლობის საფუძველზე, პროკურატურის მიერ ეკა ჩხეიძის ფსიქიკური ტანჯვის დასადგენად დაინიშნა სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ  დაზარალებული ავლენდა ძალადობის მსხვერპლი ქალისათვის დამახასიათებელ ფსიქო-ტრავმულ ნიშნებს.
საფარის შუამდგომლობების საფუძველზე, სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა უჩა მიშველაძის ძალადობრივ ქმედებებს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 იანვრის განაჩენით, მას მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. ასევე, მას 3 წლის ვადით შეეზღუდა იარაღის შეძენისა და ტარების უფლება.