"საფარის" საქმეები / იურიდიული დახმარება

საფარის საქმე: სასამართლომ შსს-სთვის მოთხოვნილი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა

„საფარი“ იცავს ძალადობის მსხვერპლი ქალის ეკატერინე გოგოლიშვილის ინტერესებს. ეკატერინე გოგოლიშვილმა სასამართლოს მიმართა სარჩელით საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ და მოითხოვა, მოსარჩელის სასარგებლოდ ზემოთხსენებულ უწყებებს, მორალური ზიანის სახით, სოლიდარულად დაკისრებოდათ 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ანაზღაურება; ასევე, მატერიალური ზიანის სახით – 1800 (ათას რვაასი) ლარის ანაზღაურება.

2019 წლის 3 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული სარჩელი შსს-სა და პროკურატურის წინააღმდეგ სრულად დააკმაყოფილა. მორალური ზიანის ასანაზღაურებელი მოთხოვილი ოდენობა 5000 ლარი იყო.

ფრაც შეეხება მატერიალური ზიანის ანაზღაურებას, მოპასუხეებმა – შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა, წერილობით წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით, სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საფარის მიერ მომზადებული სარჩელის მიხედვით, ასევე მოწვეული მოწმეებისა და  წარდგენილი დოკუმენტების ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების  ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს – შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მხრიდან, მათზე დაკისრებული კანონისმიერი ვალდებულებების უგულებელყოფასა (უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (ეკატერინე გოგოლიშვილის სხეულის დაზიანება) შორის პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი. ამრიგად, დასტურდება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების (დაეცვა იგი არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისაგან) შეუსრულებლობითა და უმოქმედობით, მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი, რომელიც ანაზღაურებას ექვემდებარება. პირველი ინსტანციის  სასამართლომ არ დააკმაყოფილა 1800 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.

„საფარის“ ადვოკატებმა აღნიშნული  გადაწყვეტილება გაასაჩივრეს მატერიალური ზიანის  ნაწილში; ეკატერინე გოგოლიშვილის განმარტებით და GCRT-ის (წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი) სპეციალისტთა დასკვნის  თანახმად,  მკურნალობისათვის მომავალში გასაღები ხარჯების ოდენობა შეადგენდა 1260 ლარს. აღნიშნული მკურნალობის კურსი, ეკატერინე გოგოლიშვილისათვის, როგორც მძიმე  ძალადობაგამოვლილი ქალისათვის, სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა სააპელაციო სარჩელი.

“საფარი” აღნიშნულ საქმეს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებს.