საფარი იცავს ძალადობის მსხვერპლი ქალის, ი. კ.-ის, ინტერესებს.
ოჯახში ძალადობის საქმეებში, მოძალადის მიერ აქეთ მსხვერპლის დადანაშაულება და პოლიციაში მსხვერპლის წინააღმდეგ ჩივილი, ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. ამ ხერხით, ერთი მხრივ, მოძალადე თავიდან იცილებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობას, მეორე მხრივ კი ანეიტრალებს მსხვერპლს, რომელიც პოლიციისთვის მიმართვას აპირებს.
უკვე მესამე წელია, რაც მეუღლის ცრუ დასმენის გამო, ახალგაზრდა ქალი სასჯელს ბავშვებზე სისტემატიური ძალადობის მუხლით იხდის, ქალთა #5 დაწესებულებაში. სინამდვილეში, ბავშვებზე მისი მეუღლე ძალადობდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა, ბავშვებზე გაუსაძლისი ზეწოლის შედეგად, მათ დედის წინააღმდეგ მიაცემინა ჩვენება, რომლის თანახმადაც, მათ მიმართ სასტიკი ძალადობა დედის მიერ იყო ჩადენილი.
როდესაც ი. კ.-მ დახმარებისთვის საფარს მიმართა, იგი უკვე პატიმრობაში იმყოფებოდა.
საფარის წინაშე რთული ამოცანა იდგა: მას უნდა დაემტკიცებინა როგორც ქალის უდანაშაულობა, ასევე – მისი მეუღლის მხრიდან ჩადენილი მძიმე დანაშაული – ბავშვებზე ფსიქოლოგიური მანიპულირების შედეგად, მათი დედის პატიმრობაში გაშვების პრეცედენტი.
არაერთი საჩივრის, საფარის ადვოკატების მიერ მოპოვებული ძალადობის მამხილებელი მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ, პროკურატურამ ბრალი რეალურ მოძალადეს, ნ. ს.-ს, წაუყენა, ცოლის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე.
ასევე, საფარის იურისტები ითხოვდნენ ძალადობრივ გარემოში მყოფი ბავშვების გაყვანას ნეიტრალურ სივრცეში, არაძალადობრივ გარემოში, რათა ბავშვებზე მამის მძიმე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა როგორმე დასრულებულიყო; როგორც უკვე აღინიშნა, ისინი დედის წინააღმდეგ ცრუ ჩვენებას აძლევდნენ, მამის მხრიდან მომდინარე ძალადობაზე კი დუმდნენ.
მოძალადის დაკავების შემდეგ, ბავშვები სახელმწიფომ მინდობით აღზრდით ზრუნვის პროგრამაში ჩართო.
ნეიტრალურ სივრცეში, ბავშვებმა დაწერეს დღიური, სადაც ის წარსული მძიმე ძალადობრივი გარემო აღწერეს, სადაც ცხოვრება ი. კ.-ს და ბავშვებს უწევდათ.
აღნიშნული დღიური, მტკიცებულების სახით, გამოძიებას წარედგინა.
ასევე, საფარის იურისტებმა მოიგეს ი. კ.-ს მიმართ უკანონოდ გამოცემული შემაკავებელი ორდერის პროცესი, რა დროსაც, სრულიად ნეიტრალურმა მოწმემ დაადასტურა, რომ მამა ბავშვებს დედის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდა.
სასამართლო პროცესებზე უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა არასრულწლოვანი შვილების ჩვენება, რომლის თანახმადაც, ქმარი პერმანენტულად ძალადობდა არამხოლოდ ი. კ.-ზე, არამედ – მათზეც.
ეს გახდა მამის მხრიდან შვილებზე სისტემატური ძალადობის მუხლით გამოძიების დაწყების საფუძველი. მოძალადე ნ. ს.-მა სრულად აღიარა ცოლისა და შვილების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ი. კ. კვლავ რჩებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში.
პერიოდულად, იგი თხოვნით მიმართავდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველ ადგილობრივ საბჭოს, რომ სასჯელის მოუხდელი ნაწილი მისთვის შინაპატიმრობით შეეცვალათ; პატიმრობის პერიოდში, ი. კ.-ს ინტენსიურად სტუმრობდნენ მისი არასრულწოვანი შვილები, რაც ძალზე სტრესული გამოცდილება იყო ბავშვებისთვის.
მიუხედავად შეცვლილი გარემოებებისა, მსჯავრდებულ ი. კ.-ს ადგილობრივმა საბჭომ ამაზე 3-ჯერ უთხრა უარი და არ გამოიკვლია საქმის არსებითი გარემოებები.
საფარმა გაასაჩივრა ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებები. თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა არაერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა, რომ ი. კ.-ს მიმართ შინაპატიმრობის გამოყენება დროული და აუცილებელი იყო, მისივე არასრულწლოვანი შვილების საუკეთესო ინტერესებისათვის. დაიკითხა არასრულწლოვანი მოწმე ნ. ს., რომელმაც დაადასტურა, რომ მისთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი დედის შინ დაბრუნება იყო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა ბავშვის საუკეთესო ინტერესი და სრულად დააკმაყოფილა საფარის სარჩელი; ამ გადაწყვეტილებით, ი. კ.-ს შესაძლებლობა ეძლევა, უახლოეს დღეებში დაუბრუნდეს შვილებს.
ელისო რუხაძე, საფარის ადვოკატი: „ი. კ.-ს საქმე ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული იყო, რადგან ბავშვების ამბავს მძიმედ განვიცდიდი… რამდენჯერმე დამირეკეს ხვეწნით, დედა დაგვიბრუნეო… ი. ციხეში შიმშილობდა, მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ამ გადაწყვეტილებამ ნამდვილად სულზე მოუსწრო მასაც და სასოწარკვეთილებაში მყოფ ბავშვებსაც“.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ არასრულწოვანი და-ძმის საქმე ერთადერთია ქართულ მართლმსაჯულებაში, როდესაც ბავშვებს, მათზე განხორციელებული ძალადობის გამო, ერთდროულად დედაც და მამაც პატიმარი ჰყავთ.
საფარი კვლავ განაგრძობს ი. კ.-ს ინტერესების დაცვას, რათა საბოლოოდ დადასტურდეს მისი უდანაშაულობა ბავშვების მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეში.