ოჯახში ძალადობა / ქალზე ძალადობა

„ძალადობის ლეგალიზაცია“ – პოლონეთი ქალთა მიმართ ძალადობის კონვენციიდან გასვლას აპირებს

ვარშავა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციიდან (ე. წ. სტამბოლის კონვენცია) გასვლისთვის ემზადება. პოლონეთის იუსტიციის მინისტრის ზბიგნევ ზებროს (Zbigniew Ziobro) განცხადებით, ქვეყანამ შესაბამისი პროცესი 27 ივლისს დაიწყო.

„ევროპაში არ არსებობს ქვეყანა, სადაც ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის სტანდარტები უფრო მაღალია, ვიდრე – ჩვენთან. ეს იმის მაგალითია, რომ სტანდარტების დაცვა იდეოლოგიის გავლენის გარეშეც შესაძლებელია“, – განაცხადა ზებრომ და დასძინა, რომ დოკუმენტში ლამაზ ლოზუნგებს მიღმა „სხვა რამ“ იმალება და ეს სხვა რამ იდეოლოგიური კომპონენტია, რომლის თანახმადაც, ადამიანის სქესის როლი ბიოლოგიურ სიბრტყეში არ განიხილება, და ეს „დარტყმის ქვეშ აყენებს ოჯახისა და რწმენის ინსტიტუტებს“.

კონვენციაში, რომელსაც ასე გულმოდგინედ უარყოფს პოლონეთის ადმინისტრაცია, მოცემულია ძალადობისგან დაცვისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მინიმალური სტანდარტები. კერძოდ, კონვენციის ხელმომწერი ქვეყნების მთავრობები ვალდებულნი არიან, მხარი დაუჭირონ ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, განათავსონ ისინი თავშესაფარში, გაუწიონ მათ მატერიალური, ფსიქოლოგიური და სამართლებრივი მხარდაჭერა. კონვენციას ხელს 47 ქვეყანა აწერს, მათ შორის – საქართველო. ამ ქვეყნებს შორის, შეთანხმება რატიფიცირებული აქვს 34-ს, ხოლო 11-ს ხელმოწერილი აქვს, მაგრამ არა – რატიფიცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ამ ქვეყნებში არ ამოქმედებულა. ეს ქვეყნებია: სომხეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, მოლდოვა, უკრაინა და დიდი ბრიტანეთი.

სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ პოლონეთის მმართველმა პარტიამ „სამართალი და სამართლიანობა“ იუსტიციის მინისტრის განცხადებისგან დისტანცია დაიჭირა და განაცხადა, რომ „მინისტრის პოზიცია კოალიციის ყველა წევრის თვალსაზრისს არ გამოხატავს“.

თავად ქვეყნის მოქალაქეები აქტიურად გამოხატავენ მთავრობის გეგმებით უკმაყოფილებას. ჯერ კიდევ 24 ივლისს, როდესაც ზემოთხსენებული გადაწყვეტილება ახალი დაანონსებული იყო, ვარშავის ქუჩებში 2000-ზე მეტი ადამიანი გავიდა, მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ. ანალოგიური აქციები ჩატარდა ქვეყნის რიგ სხვა ქალაქებში. ადამიანებმა პოლონეთის მთავრობის ნაბიჟებს “ძალადობის ლეგალიზაცია” უწოდეს.

მმართველი პარტია და მისი კოალიციური პარტნიორები მჭიდროდ თანამშრომლობენ კათოლიკურ ეკლესიასთან და კონსერვატულ დღის წესრიგს ლობირებენ. ამიტომ, რესპუბლიკის ამჟამინდელი ხელისუფლება აქტიურად ემტერება არა მხოლოდ ოჯახში ძალადობის თემას, არამედ – ქალთა რეპროდუქციულ უფლებებს და ლგბტ საკითხებსაც.

პოლონეთის განცხადებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა ევროპული პოლიტიკური სტრუქტურების მხრიდანაც. ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა (Marija Pejčinović Burić) განაცხადა, რომ ევროსაბჭო ვარშავიდან წამოსული სიგნალებით იმედგაცრუებულია. მან ეს ნაბიჯი „ფრიად სამწუხაროდ“ და „ვეება მანძილით უკანდახევად“ შეაფასა. ქვეყნის ამგვარი დამოკიდებულება ადამიანის უფლებებისადმი გაღიზიანებას იწვევს ევროპაში, რადგან პოლონეთი ევროკავშირის ბიუჯეტის ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელია. ზოგიერთი წევრი ქვეყანა პირდაპირ მიუთითებს, რომ პოლონეთმა მკვეთრად გადაუხვია ევროკავშირის სხვადასხვა შეთანხმებაში ჩადებულ პირობებს.

theguardian.com