ქალზე ძალადობა

23 წლის სტუდენტის ჯგუფურად გაუპატიურებისთვის, ინდოეთში ოთხი კაცი სიკვდილით დასაჯეს

ინდოეთის დედაქალაქ დელიში სიკვდილით დასაჯეს ოთხი კაცი, რომლებმაც 2012 წლის დეკემბერში დელის ავტობუსში ჯერ ჯგუფურად გააუპატიურეს, შემდეგ რკინის ჯოხით მხეცურად სცემეს და მოძრავი ავტობუსიდან გადააგდეს 23 წლის სტუდენტი გოგონა. პოლიციის მონაცემებით, გოგონას თითქმის ერთი საათი აუპატიურებდნენ. სტუდენტი ავტობუსში მეგობარ ბიჭთან ერთად მგზავრობდა, რომელსაც თავდამსხმელები ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ მოვლენამ მთელი მსოფლიო შეძრა. თავდასხმიდან ორ კვირაში, გოგონა ტანჯვით გარდაიცვალა სინგაპურის საავადმყოფოში.

თავდაპირველად, მედიაში მსხვერპლის სახელს არ ახმაურებდნენ და იგი “ნირბჰაიად” (Nirbhaya) მოიხსენიებოდა (უშიშარი).
თავდამსხმელები ექვსნი იყვნენ. პოლიციამ ისინი ცხელ კვალზე დააპატიმრა. ერთ-ერთი მათგანი, რამა სინგჰა, 2013 წელს პატიმრობაში დაიღუპა. სამართალდამცავთა ვარაუდით, მან თავი ჩამოიხრჩო. ერთ-ერთი დამნაშავე დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის 17 წლის იყო. მან ციხეში 3 წელი დაჰყო, რაც ინდოეთში არასრულწლოვანთათვის მაქსიმალური სასჯელია.

სასამართლომ ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ჯერ კიდევ 2013 წელს გამოიტანა, თუმცა, მისი აღსრულება აპელაციების გამო აქამდე გაჭიანურდა. ექვსივე მსჯავრდებულმა განაჩენი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა და სიკვდილით დასჯის სამუდამო პატიმრობით შეცვლა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. დამნაშავეებმა უკანასკნელი თხოვნა სასიკვდილო განაჩენის აღსრულებამდე რამდენიმე საათით ადრე წარადგინეს. ისინი ინდოეთის დედაქალაქში მდებარე ტიხარის ციხეში ჩამოახრჩეს. 2015 წლის შემდეგ, ეს ქვეყანაში აღსრულებული პირველი სასიკვდილო განაჩენია.
განაჩენის აღსრულების დროს, ციხის შენობასთან შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებიც გაჰყვიროდნენ: “სიკვდილი მოძალადეებს!”. განაჩენის აღსრულების შემდეგ, მსხვერპლის დედამ განაცხადა: “ჩემი შვილის ფოტოს ჩავეხუტე და ვუთხარი, რომ სამართალმა ბოლოს და ბოლოს იზეიმა“.

სტატისტიკის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სექსუალური ძალადობა მკაცრად ისჯება, ყოველ 20 წუთში ერთი გაუპატიურება ხდება. ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ 2018 წელს, პოლიციამ გაუპატიურების 33,977 შემთხვევა აღრიცხა.

2019 წლის დეკემბერში, ინდოეთში ჯგუფური გაუპატიურების კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა: დაღუპულია 27 წლის ქალი. სავარაუდოდ, თავდასხმა რამდენიმე კაცმა დაგეგმა, შემდეგ კი მსხვერპლის გვამი დაწვა.

theguardian.com