სექსუალური ძალადობა

გაუპატიურების ტრავმას ვერასოდეს მოვერიე…

რამდენიმე წლის წინ გამოვიარე ის ჯოჯოხეთი, რასაც გაუპატიურება ჰქვია.

თბილისი ჩემთვის მშობლიური ადგილი არ ყოფილა, აქ ყოველთვის დისკომფორტს ვგრძნობდი. აქ სასწავლებლად ვიყავი ჩამოსული, როდესაც ეს ამბავი მოხდა. 90-იანი წლების ბოლო იყო, ზამთარი, ადრე ღამდებოდა და გარე განათებაც ცუდად მუშაობდა. ერთ-ერთ გარეუბანში, ნაქირავებში ვცხოვრობდი მეგობრებთან ერთად, ტრანსპორტი კარგად არ მოძრაობდა და იმ საღამოს უნივერსიტეტიდან შინ წასვლა ფეხით გადავწყვიტე.

20 წელია გასული ამ ამბიდან, მაგრამ დღესაც არ მინდა იმ ადგილის გახსენება, დღემდე უდიდეს ტანჯვას განვიცდი მის გახსენებაზეც კი.

მოკლედ, ერთ-ერთ მაშინ უკაცრიელ და ჩაბნელებულ ადგილას, ჩემს შორიახლო მანქანამ გააჩერა. ნაბიჯს ავუჩქარე, მაგრამ მანქანაც გამომყვა. საზიზღარ სიტყვებს მეძახდნენ იქიდან. ჯერ მეგონა, რომ ამ სიტყვებით იჯერებდნენ გულს და თავს დამანებებდნენ, მაგრამ უცებ, მანქანიდან გადმოვიდა ორი კაცი და მთელი ძალით დამეძგერა, ერთი მკლავში, მეორე სახეზე მაფარებდა ხელებს. ტყუილად მაფარებდა, იმდენად შოკში ვიყავი, ყვირილის მცდელობაც არ მქონია. მანქანაში ჩამტენეს, უკანა სავარძელზე დამაგდეს.

მანქანა დაიძრა, ერთ-ერთს მიჰყავდა, მეორეს კი მე ვეჭირე, სავარძელზე მოკუნტული. ცოტა აზრზე რომ მოვედი, ხვეწნა დავიწყე, გამიშვით-მეთქი. საკუთარი უსუსურობის ცრემლები მახრჩობდა. გაიხადეო, საჭესთან მჯდომმა დამიყვირა. ამის გაგონებაზე მთლად ავქვითინდი. ჩემ გვერდით მჯდომმა სახეში და თავში ცემა დამიწყო, ლამის გონება დავკარგე. განუწყვეტლად იგინებოდა.

სავარაუდოდ, მანქანა სადღაც მიუვალ ადგილას გააჩერეს. ალბათ, რომც მეკივლა, ვერავინ გაიგებდა. ტრუსი გაიხადეო, მითხრა. ჩემი ხელით გავიძრე კოლგოტიც და ტრუსიც ერთდროულად – მეშინოდა, რომ თუ ამას თვითონ გააკეთებდნენ, ძალიან მატკენდნენ. ორივემ გამაუპატიურა. იმ მომენტში მართლა მეგონა, რომ მოვკვდებოდი – უკიდურესი ფიზიკური და მორალური ტკივილის განცდა ისე შეერწყა ერთმანეთს, რომ როგორც მახსოვს, გრძნობაც დავკარგე. რომ გამოვერკვიე, სახეში მილაწუნებდნენ ორივენი. თვალი გაახილაო, გაუხარდათ, მანქანა დაიძრა და სადღაც ეკალ-ბარდებში გადამაგდეს. დამემუქრნენ, რომ ხმას თუ ამოვიღებდი, ოჯახიანად ამომბუგავდნენ. ეჭვიც არ შემპარვია, რომ ამის გამკეთებლები იყვნენ.

საერთოდ არაფერი მახსოვს, მხოლოდ ის, რომ მუქი ფერის მანქანა იყო. ანდა, მათი ვინაობაც რომ მცოდნოდა, რა აზრი ჰქონდა? სიძულვილის, სინანულის, ზიზღის, სირცხვილისა და უმწეობის საზიზღარი შეგრძნება მქონდა. სადღაც შორს, ტრასის განათება ჩანდა. იქით წავლასლასდი და ასე მივაგენი გზას…

როცა სახლში შევედი, ჩემმა მეგობრებმა იფიქრეს, რომ მთვრალი ვიყავი… და ალბათ ასეც სჯობდა… ჩავიბურტყუნე, რომ გზაში წავიქეცი და ჩემს ოთახში შევიკეტე.

თვითმკვლელობის სურვილი იმავე ღამით გამიჩნდა. მაგრამ, ვერ გავბედე. დედა მეცოდებოდა, ჩემ გარდა არავინ ჰყავდა…

მომხდარის შესახებ არავისთვის მითქვამს – არც ოჯახისთვის, არც მეგობრებისთვის, მით უფრო, არ განმიცხადებია პოლიციაში.

კაცების მიმართ ჩემი დამოკიდებულება უფრო ზიზღში გამოიხატებოდა, ვიდრე – შიშში. ვფიქრობდი, რომ მათი ნამდვილი არსი გავშიფრე, რომ ყველა კაცი ერთნაირი იყო – ცხოველი, უხეში, მოძალადე, ნაძირალა. არც ერთი კაცი არ იყო ჩემთვის მოსაწონი, თავად „ლამაზი“ ჰოლივუდელი მსახიობებიც კი. დარწმუნებული ვიყავი, რომ რომანტიკული ურთიერთობები – ყვავილები და პაემნები იდიოტობა იყო და ერთადერთი მიზანი ჰქონდა – ქალის გაჟიმვა. ყველა ბიჭი და კაცი მძულდა, ვეუხეშებოდი, თავიდან ვიცილებდი.

ასე 10-12 წლის შემდეგ, როცა ეს ამბავი დრომ ოდნავ გააუფერულა, და რაღაცნაირად, ერთი ბიჭი მოვუშვი ჩემს სიახლოვეს. ძალიან საყვარელი იყო, თბილი, რბილი, გულწრფელი. ძალადობის ნატამალი არასოდეს შემიმჩნევია მისთვის, მაგრამ, დრო გადიოდა და მას შევამჩნიე, რომ ფიზიკურად ვიზიდავდი, ჩემთან ფიზიკურ სიახლოვეს ცდილობდა. გავგიჟდი, გადავირიე, ჯანდაბაში გავუშვი, ვლანძღე და ვთათხე. არადა, ახლა რომ ვფიქრობ, რა სისულელე გავაკეთე… ეს ხომ სრულიად ნორმალური იყო ზრდასრული ადამიანების ურთიერთობაში?

მოკლედ რომ ვთქვათ, მას შემდეგ, კაცებთან აღარანაირი ურთიერთობა არ მქონია. ეგ კი არა, დაქალები რომ სექსზე იწყებენ საუბარს, ვაჩუმებ ხოლმე – ამის გაგონებაზეც კი გული მერევა. მალე 40 შემისრულდება, ჩემი ფიქრები კი სამსახურს არ სცდება. შინ ცხოველიც კი არ მყავს – იმდენად ტრავმირებული ფსიქიკა მაქვს, რომ ძაღლი რომ მომიკვდეს, ამასაც კი ვეღარ გადავიტან.

ვიცი, რომ ფსიქოლოგთან უნდა მივიდე. თეორიულად ვიცი, პრაქტიკულად – არა. არ ვარ დარწმუნებული, რომ მიშველის, ზედმეტი ბლა-ბლა კი არ მაინტერესებს. ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ, რომ არაჰუმანური ადამიანი ვარ – ჩემი ადამიანობა და სიყვარულის უნარი შორეულ 90-იანებში იმ პირუტყვებს გაჰყვათ… ამას უკვე მართლა ვერაფერს ვუხერხებ…