"საფარის" საქმეები / იურიდიული დახმარება / ოჯახში ძალადობა

პირობით მსჯავრდებული მოძალადის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

საფარის ბენეფიციარის ი. მ-ის მიმართ ჩადენილი უმძიმესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის მსჯავრდებულმა მისმა ყოფილმა მეუღლემ სასჯელაღსრულების დაწესებულება პირობითი მსჯავრის საფუძველზე დატოვა.

ამის შემდგომ, მოძალადემ ყოფილ მეუღლეზე ფსიქოლოგიური ძალადობა განაგრძო, რაც გამოიხატებოდა მასთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებაში, თვალთვალსა და ადევნებაში.

აღნიშნული ფაქტების საფუძველზე, ი. მ-მ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და შემაკავებელი ორდერის გამოცემა ითხოვა.

სწორედ აქედან დაიწყო მთელი რიგი პრობლემები სამართადამცავი ორგანოების მხრიდან: მათ არ სურდათ შემაკავებელი ორდერის გამოცემა მოძალადისაგან მომდინარე ძალადობრივი ქმედებების აღსაკვეთად და აცხადებდნენ, რომ მხოლოდ გაფრთხილებას მისცემდნენ მოძალადე პირს.

„ეს არის პოლიციის მხრიდან უმოქმედობის, უუნარობის ნათელი მაგალითი – კანონი არ ითვალისწინებს მოძალადის „გაფრთხილებას“, კანონი იმპერატიულად ადგენს ძალადობრივი ფაქტების აღსაკვეთად დაუყოვნებლივ შემაკავებელი ორდერის გამოცემას მოძალადის მიმართ“, – განმარტავს საფარის იურისტი ელისო რუხაძე.

პოლიციის უმოქმედობის გამო, საფარის მეშვეობით, ი. მ-მ დაუყოვნებლივ მიმართა ზემდგომ ორგანოებს.

ამის შემდგომ, ი. მ.-ის დაცვის უზრუნველსაყოფად, გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი, რომელიც მოძალადემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.

პირველმა ინსტანციამ შემაკავებელი ორდერი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და უკანონოდ გააუქმა.

გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით და ქუთაისის სააპელაციო სასამრთლომ სრულად დააკმაყოფილა ი. მ.-ის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა პირველი ინსტანციის ყოვლად დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება და ძალაში დარჩა შემაკავებელი ორდერი.