"საფარის" საქმეები

საფარის საქმე: დაკავებულია აფხაზეთში მომხდარ ოჯახში ძალადობაში ბრალდებული

საფარმა, პირველად, აფხაზეთის ტერიტორიაზე მომხდარი ოჯახში ძალადობის საქმეში წარმატებას მიაღწია და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული მოძალადე, 2023 წლის დეკემბერში დააკავეს. 

2023 წლის ოქტომბერში, საფარს აფხაზეთში მცხოვრებმა ქალმა მიმართა, ქმარი მასზე 7 წლის განმავლობაში ძალადობდა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. საფართან დაკავშირებამდე ცოტა ხნით ადრე, ქალმა თავი დააღწია მოძალადეს და მცირეწლოვან შვილთან ერთად, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, საკუთარ მშობლებთან დაბრუნდა საცხოვრებლად. თუმცა მოძალადე მას სახლში დაბრუნების მოთხოვნით სისტემატურად ურეკავდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. 

საფარის მიმართვისთანავე, ოქტომბერში ხობის რაიონულმა სამმართველომ შემაკავებელი ორდერი გამოსცა და საქმე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს გადაეცა, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულებს იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე პრიმა მუხლით (ოჯახში ძალადობა) დაიწყო, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსულ მოძალადეს დეკემბერში ბრალი ოფიციალურად წარედგინა და ის დააკავეს.

მოძალადე ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და საქმის განხილვა გრძელდება. საფარის პრაქტიკაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მომხდარი დანაშაულის გამო პირს პასუხისმგებლობა დაეკისრა. 

საფარის საკონტაქტო ინფორმაცია: 
ცხელი ხაზი:
+995 599 407 603
0322 307 603
მეილი: info@sapari.ge