"საფარის" საქმეები / ჩვენი შედეგები

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალის გაუპატიურებისთვის კაცს 12 წელი მიესაჯა

წალკის რაიონში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალის გაუპატიურებისთვის კაცს 12 წელი მიესაჯა.

საქმე დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე აღიძრა. ქალი მოძალადისგან ფეხმძიმედ იყო და მისი ვინაობა თავიდანვე დაასახელა. კაცი თავის ბრალს მთელი ამ დროის განმავლობაში უარყოფდა. ბავშვის გაჩენის შემდეგ ბიოლოგიური ექსპერტიზა ჩატარდა, რომელმაც მამის ვინაობა დაადასტურა.

ბრალდებულის იურისტის მოთხოვნით, პროცესზე დაზარალებულის ჩვენება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად  მტკიცებულებათა სიიდან ამოიღეს, დაზარალებულის გონებრივი ჩამორჩენილობის დიაგნოზის მიზეზით. თუმცა, შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის თანახმად, სასამართლო და საგამოძიებო სტრუქტურები ვალდებულნი არიან შექმნან ისეთი გარემო, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობის პირს თავისუფლად შეეძლება ჩვენების მიცემა.

საფარის მიერ მოსამართლესთან მიწერილი საინფორმაციო წერილის მიხედვით, დაზარალებული აცნობიერებდა და ზუსტად იცოდა, თუ ვინ იძალადა მასზე და მის სიტყვებს ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერტიზაც ადასტურებდა. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის სიტყვები წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ დაუშვებელ მტკიცებულებად ცნო, არსებითი განხილვის სასამართლო სხდომის მოსამართლემ – ბადრი ნიპარიშვილმა, მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ბრალდებულს 12 წელი მიუსაჯა.

საქმე 2022 წლის 4 ივნისს დაიწყო და 2023 წლის 28 ნოემბერს დასრულდა. დაზარალებული ქალის უფლებებს საფარი იცავდა.