ადრეული ქორწინება

ტერეზა კაჩინდამოტო – ქალი, რომელმაც ადრეულ ქორწინებას 1500 გოგონა გამოსტაცა

მალავი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. აქ შემორჩენილია ზოგიერთი თემური წეს-ჩვეულება, მათ შორის ბავშვთა ქორწინება და ქალის დამორჩილება.

2003 წელს, ტერეზა კაჩინდამოტო (Theresa Kachindamoto) ამ აღმოსავლურაფრიკული ქვეყნის რეგიონული ოლქის ლიდერად აირჩიეს. 16 წლის მმართველობის მანძილზე, მან ადამიანების დიდი ნდობა მოიპოვა.

ტერეზა ოჯახში 12 ბავშვიდან ყველაზე უმცროსი იყო. იგი დეძას რაიონში დაიბადა, რომელიც მალავისა და მოზამბიკის საზღვართან მდებარეობს.

მან მალავის სამხრეთში არსებულ კოლეჯში 27 წელი იმუშავა. ტერეზა ხელმძღვანელ თანამდებობაზე იმიტომ აირჩიეს, რომ ადამიანებთან ჩინებული კომუნიკაცია შეეძლო. უბრალოდ, ფაქტის წინაშე დააყენეს, არავინ დაინტერესებულა, სურდა თუ არა მას ამ ფორმატში მუშაობა. მტკიცე ხასიათის ქალმა ახალ თანამდებობაზე ახალი შესაძლებლობები დაინახა, რომელთა მეშვეობითაც, რაიონში ათასობით პატარა გოგონას დახმარება უკვე რეალობად იქცა.

თავისი მუშაობის მანძილზე, ტერეზამ შეძლო, შებრძოლებოდა მალავიში აგრერიგად გავრცელებული ადრეული ქორწინების პრაქტიკას. ქვეყანაში გოგონების ნახევარი 18 წლამდე ქორწინდება, დედათა სიკვდილიანობის საერთო რაოდენობის მეოთხედი შემთხვევები ადრეული ორსულობისგან გამოწვეულ გართულებებზე მოდის.

2017 წლიდან, ტერეზა უკვე მშობლიური დეძას რაიონში მუშაობს. მან მოახერხა, მოზარდი გოგონები 1500-ზე მეტ შემთხვევაში დაეხსნა ადრეული ქორწინებისგან. მისი ძალისხმევით, მუშაობა მალავიში სიღარიბის დონის დაწევის მიმართულებითაც წარმატებით წარიმართა. 2017 წელს გაეროს გამოქვეყნებული სტატისტიკით, სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ქვეყანაში მცხოვრები გოგონების თითქმის 45% -ს სკოლაში სწავლის გაგრძელება მერვე კლასიდან აღარ შეუძლია.

ტერეზას საქმიანობა ამით არ შემოფარგლულა. ზოგიერთი ადათის შესაცვლელად, ქვეყნის პოლიტიკოსების დასარწმუნებლად ადრეული ქორწინების წინააღმდეგ კანონმდებლობის მისაღებად, საჭირო გახდა წლები. თუმცა, მისი ძალისხმევა ამად ღირდა – ტერეზას წყალობით, მალაველი ქალებისთვის ახალი ერა დაიწყო.

ტერეზას ჩართულობით, მიღებულ იქნა საკონსტიტუციო ჩასწორება, რომლის თანახმადაც, ქორწინების კანონიერმა ასაკმა ქვეყანაში 15-დან 18 წლამდე აიწია. ამან გოგონებისთვის სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა გაზარდა. ტერეზამ იცოდა, რომ თემური წეს-ჩვეულებები დროდადრო ქვეყნის კანონმდებლობის მიღმა რჩებოდა, და უდიდესი ძალისხმევა ჩადო იმაში, რომ ადამიანების აზროვნება შეეცვალა. იგი დაუღალავად უხსნიდა ოჯახებს, რომ ეს კანონი ადრეული ქორწინების დამღუპველი ზემოქმედებისგან ხსნა იყო.

როდესაც ტერეზამ ახალ თანამდებობაზე თავისი რაიონი პირველად მოინახულა, მან გაიცნო ქალები და გოგონები, რომლებიც 12 წლის ასაკში დააქორწინეს, და ადრეული ქორწინების ყველაზე გავრცელებულ მიზეზსაც მიაკვლია: ოჯახის წევრები დაინტერესებულნი იყვნენ ოჯახის რიცხოვნების გაზრდაში, რათა მეტი შემოსავალი ჰქონოდათ.

ტერეზა დაუღალავად არწმუნებდა ადამიანებს, თავიანთი გოგონებისთვის სკოლის დამთავრების საშუალება მიეცათ. უხსნიდა, რომ ეს მნიშვნელოვანი იყო როგორც თავად გოგონებისთვის, ასევე მათი ოჯახებისთვისაც. „როდესაც გოგონები განათლებას იღებენ, მათ წინაშე ახალი შესაძლებლობები ჩნდება“, – განაცხადა მან ვაშინგტონში, Vital Voices Global Partnership-ის პრემიის გადაცემის ცერემონიაზე.

ტერეზა მხოლოდ გოგონებისთვის არ იღვწოდა. მან თქვა, რომ მის მიერ ჩაშლილ 150 ქორწინებაში, არასრულწლოვნები იყვნენ ბიჭებიც, რომლებიც ასეთ ადრეულ ასაკში უკვე მამები ხდებოდნენ.

„მე ადრეულ ქორწინებას ვებრძვი. ბავშვებმა სკოლაში უნდა იარონ. ჩემს რაიონში, ჩვენი კანონები მოქმედებს. არც ერთი ბავშვი არ უნდა დარჩეს სკოლის საათებში უსაქმოდ, არ უნდა მუშაობდეს ბაღში ან სახლში. არც ერთ სოფლის მამასახლისს, სახელმწიფო ჩინოვნიკს ან საეკლესიო პირს უფლება არ აქვს, ქორწინება გააფორმოს საცოლის და საქმროს ასაკის დაზუსტების გარეშე“, – განაცხადა ტერეზამ Nyasa Times-თან ინტერვიუში.

სიტუაცია ნელ-ნელა იცვლება, მაგრამ გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია. მალავიმ უკვე შეასრულა გაეროს რამდენიმე ვალდებულება, რომელიც ქვეყანას სწორი მიმართულებით ავითარებს. ქვეყანაში, სადაც ყოველი მეხუთე გოგონა თავდასხმის მსხვერპლია, სადაც გოგონებს ადრეულ ქორწინებას აიძულებენ, რათა თავიანთი მშობლების ფინანსური პრობლემები მოგვარდეს, ტერეზა კაჩინდამოტო ნამდვილი ხსნაა.

lizfelifestyle.com