სექსუალური ძალადობა / ქალზე ძალადობა

მსხვერპლზე დაქორწინების შემთხვევაში, თურქეთში არასრულწლოვანი გოგონების გამაუპატიურებლებს სასჯელი აღარ ელით

თურქეთში ახალი კანონი შემოდის, რომელიც მოძალადეს არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის სასჯელს აარიდებს, თუ მასზე დაქორწინდება.

ახალი კანონპროექტი სულ მალე შევა ძალაში.

თურქეთის სახალხო დემოკრატიულ პარტიაში აცხადებენ, რომ ეს კანონი ადრეულ ქორწინებას, ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციასა და გაუპატიურებას მწვანე შუქს აუნთებს.

„მივესალმები თურქეთში ქალთა უფლებებისთვის მებრძოლთა თამამ მუშაობას, რომლებიც ამ დისკრიმინაციული კანონპროექტის წინააღმდეგ ილაშქრებენ. მსგავსი „იურიდიული დებულებები“, როდესაც მსხვერპლს მოძალადეზე დაქორწინებას აიძულებენ ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნების გამოცდილებაში, არსებობს. უფლებადამცველებისა და კანონმდებლების მრავალწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად, ბოლო წლებში, იგი იორდანიამ, ლიბანმა, მაროკომ, ტუნისმა და პალესტინამაც კი აღმოფხვრეს თავიანთ კანონმდებლობაში. ამის ფონზე, თურქი კანონმდებლები ცდილობენ იმ კანონის მიღებას, რომელიც ქალების და გოგონების უფლებებს მნიშვნელოვნად აკნინებს. თურქმა კანონმდებლებმა მხედველობაში უნდა მიიღონ ეს მიღწევები და კანონში სქესის ნიშნით დისკრიმინაციული კანონების მიღებაზე უარი უნდა თქვან“, – ამბობს სუად აბუ-დაიეჰი (Suad Abu-Dayyeh), კამპანიის Equality Now მონაწილე.

ადრეული ქორწინების შესახებ 2018 წლის სამთავრობო ანგარიშის თანახმად, ბოლო ათწლეულში, თურქეთში 482 908 გოგონა გახდა ნაადრევი ქორწინების მსხვერპლი.

თურქეთში სექსუალური კავშირისთვის ორმხრივი თანხმობის ასაკი 18 წელია. ქვეყანაში ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა ფართოდაა გავრცელებული. გაეროს მონაცემებით, თურქი ქალების 38% პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია.

ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა 2014 წელს სტამბოლის სამიტზე განაცხადა, რომ ქალების და კაცების თანასწორობა „ბუნებასთან წინააღმდეგობაა“. ეროვნულ და მსოფლიო დონეზე დიდმა აღშფოთებამ თურქეთში 2016 წელს ანალოგიური კანონპროექტი „დაქორწინდი შენს მოძალადეზე“ ჩააგდო. კანონი არასრულწლოვანთან სექსის გამო კაცს პასუხს არ სთხოვდა მაშინ, თუ სექსი „ნებითა და მუქარის გარეშე“ მოხდა.