"საფარის" აქტივობები / სიახლეები / ჩვენი შედეგები

ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა – საფარმა სამცხე-ჯავახეთში საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა

15, 16 და 17 მაისს “საფარის” წარმომადგენლებმა სამცხე-ჯავახეთის სამ ქალაქში საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, აქტივისტებმა, მოსწავლეებმა, სტუდენტებმა, ადგილობრივმა ქალებმა.

შეხვედრების ფარგლებში მოსახლეობას გავაცანით “საფარის” იურისტი სამცხე-ჯავახეთში, დიმიტრი ჩხიტუნიძე. თუ აქამდე ადგილობრივ ქალებსა და ბავშვებს “საფარის” სერვისები თბილისის ცენტრალური ოფისიდან მიეწოდებოდათ, უკვე რამდენიმე თვეა მათ შესაძლებლობა აქვთ ადგილზე, პირადად მიიღონ ნებისმიერ სახის კონსულტაცია და სამართლებრივი მომსახურება.

გარდა ამისა, ადგილობრივებს გავაცანით მობილური აპლიკაცია Safe You. ეს არის ერთგვარი SOS აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს, საფრთხის დროს, შესაძლებლობა აქვთ ღილაკზე თითის ერთი დაჭერით ითხოვონ დახმარება – გამოიძახონ პოლიცია, დაუკავშირდნენ საკუთარ “სანდო კონტაქტებს”, მიმართონ “საფარს” თუ სხვა, მათთვის სასურველ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩაიწერონ აუდიო შემდგომში მტკიცებულებად გამოყენების მიზნით და ა.შ. გარდა ამისა, აპლიკაციას აქვს რამდენიმე თემატური ფორუმი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ მათთვის სასურველი ინფორმაციის მიღება ან გაზიარება, კითხვების დასმა და კონსულტაციის გავლა იურისტთან, სოციალურ მუშაკთან, ფსიქოლოგთან, რეპროდუქტოლოგთან და ა.შ. ფორუმების მოხმარება შესაძლებელია ანონიმურადაც. Safe You საქართველოში თავდაპირველად ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიყენებოდა. 2022 წელს მას დაემატა უკრაინულენოვანი ფორუმი, 2023-ში კი მისი გამოყენება სომხურ ენაზეცაა შესაძლებელი. მიმდინარე წელს ჩაეშვება აპლიკაციის აზერბაიჯანულენოვანი ვერსიაც. შეხვედრებზე, დამსწრე აუდიტორიას დეტალურად გავაცანით აპლიკაციის ყველა ფუნქცია და მისი გამოყენების გზები.

შეხვედრებზე დამსწრე აუდიტორიას გავაცანით “საფარის” მიმდინარე პროექტები და ის შესაძლებლობები, რასაც ორგანიზაცია ადგილობრივ ქალებს, ახალგაზრდებსა და აქტივისტებს სთავაზობს. დავარიგეთ შესაბამისი თემატური და საინფორმაციო მასალები როგორც ქართულ, ისე სომხურ ენებზე.

შეხვედრები ჩატარდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის – “ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის’’ (WISE) ფარგლებში, რომელსაც აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia), პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.