"საფარის" საქმეები / სიახლეები

ჯეირანოვას შვილებისთვის კომპენსაციის გადახდის გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტრომ სააპელაციოში გაასაჩივრა, თუმცა დავა წააგო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ხანუმ ჯეირანოვას შვილებისთვის კომპენსაციის გადახდის შესახებ.

საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს, კონკრეტულად კი ფინანსთა სამინისტროს ჯეირანოვას ორი შვილისთვის ჯამში 100 000-ლარიანი კომპენსაცია 2022 წლის ოქტომბერში დააკისრა. ფინანსთა სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და “ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით” კომპენსაციის ოდენობის შემცირება მოითხოვა. გარდა ამისა, უწყებაში აღნიშნავდნენ, რომ მათთვის გაუგებარია, რა მეთოდოლოგიით განისაზღვრა მორალური ზიანის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა.

ხანუმ ჯეირანოვას შვილების ინტერესებს როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის მიმართულებით “საფარის” იურისტი, ნინო ანდრიაშვილი იცავს. მისი განმარტებით, მორალური ზიანის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა დაზარალებულების მიერ გადატანილი ტრავმებისა და ზიანის შესაბამისად განისაზღვრა:

“აღნიშნული [თანხის განსაზღვრა] სრულებით დაკავშირებული და დამყარებულია პატივისა და ღირსების შელახვასთან, განცდილ მძიმე ფსიქო-ემოციურ სტრესთან, განვლილ შიშთან და განზრახ შექმნილ ტრავმულ გამოცდილებასთან”.

ანდრიაშვილის ინფორმაციით, საქმის საქალაქო სასამართლოში განხილვისას ფინანსთა სამინისტრო კომპენსაციის გადახდისგან თავის სრულად არიდებას ცდილობდა. მაშინ უწყების არგუმენტი იყო ის, რომ გაეროს ქალთა კომიტეტმა (CEDAW) კომპენსაციის გადახდის შესახებ მხოლოდ რეკომენდაცია გასცა. ანდრიაშვილი განმარტავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაცია ამ შემთხვევაში სავალდებულო ხასიათისაა და სასამართლოს არა თანხის გადახდა-არგადახდაზე, არამედ მის ოდენობაზე უნდა ემსჯელა. აღსანიშნავია, რომ “საფარის” თავდაპირველი მოთხოვნა ჯეირანოვას თითოეული შვილისთვის ცალ-ცალკე 100 000 ლარის გადახდა იყო.

“საფარმა” კომპენსაციის საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას გაეროს ქალთა კომიტეტის (CEDAW) გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ მიმართა. კომიტეტმა დაადგინა, რომ “საქართველომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და სამართლებრივი დევნა ქალის მიმართ გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით”. გადაწყვეტილების მიხედვით, სახელმწიფოს, ერთი მხრივ, სწორად და ეფექტიანად უნდა წარემართა გამოძიება, მეორე მხრივ კი ხანუმ ჯეირანოვას შვილებისთვის სამართლიანი კომპენსაცია გადაეხადა.

CEDAW-ს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ განახლდა ჯეირანოვას საქმის გამოძიება სისხლის სამართლის მიმართულებითაც. გამოძების ფარგლებში, ჯეირანოვას გარდაცვალებიდან 8 წლის შემდეგ დააკავეს ხუთი კაცი. მათგან ოთხს 2023 წლის 10 იანვარს სასამართლომ 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ერთის საქმე კი ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით ამ დრომდე განიხილება.

აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულები დამნაშავედ ცნეს ჯგუფურად და სქესის ნიშნით ჩადენილ დამამცირებელ მოპყრობისთვის, თუმცა თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალი მოუხსნეს. ამ გადაწყვეტილებას “საფარი”  სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს – მოვითხოვთ მათ გასამართლებას ყველა წარდგენილი მუხლით.

CEDAW-ს “საფარმა” ადამიანის უფლებათა ცენტრსა (HRC) და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) თანამშრომლობით, 2018 წელს მიმართა.

ხანუმ ჯეირანოვა 2014 წლის 18 სექტემბერს გარდაიცვალა. პროკურატურის ვერსიით, მან თავი მოიკლა. 2 დღით ადრე, 16 სექტემბერს მას თანასოფლელი კაცები თავს დაესხნენ და სოფლის ცენტრში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდარს შეესწრნენ ჯეირანოვას არასრუწლოვანი შვილებიც.