"საფარის" აქტივობები / ეკონომიკური ძალადობა / საფარი / სიახლეები

ყოველი მეოთხე ქალი ერთხელ მაინც ყოფილა ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი – კვლევის პრეზენტაცია

13 ოქტომბერს “საფარმა” ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობის კვლევის პრეზენტაცია ჩაატარა.  ეს არის პირველი ქართული რაოდენობრივი კვლევა, რომელიც ეკონომიკური ძალადობის პრევალენტობას სიღრმისეულად სწავლობს .

პრეზენტაციის მთავარი მიზანი ჩატარებული კვლევის ძირითადი მიგნებების გაზიარება და ეკონომიკურ ძალადობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო. კვლევის შედეგები  ორმა მკვლევარმა – ლარისა პატარაიამ და თეო თავდიშვილმა, ბაია პატარაიასთან ერთად წარადგინა. ღონისძიებას საელჩოების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, სახალხო დამცველის აპარატისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციაზე მკვლევრებმა ხაზი გაუსვეს ნაშრომის რამდენიმე მთავარ მიგნებას, მათ შორის იმას, რომ: სამიზნე რეგიონებში ყოველი მეოთხე ქალი ინტიმური პარტნიორის ან ქმრის მხრიდან ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი ერთხელ მაინც ყოფილა, ხოლო ქალებზე, გარდა მათი პარტნიორებისა, ხშირად, ამ პარტნიორების ოჯახის წევრებიც ძალადობენ.

კვლევა ქალთა მიმართ ეკონომიკურ ძალადობაზე “საფარმა” დანიის მთავრობისა და დანიის გენდერული და თანასწორობის ცენტრის, KVINFO-ს მხარდაჭერით ორ რეგიონში, კახეთსა და აჭარაში ჩაატარა. რაოდენობრივი კვლევა 2023 წლის იანვარში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით (CAPI) იმ 16-45 წლის ქალებთან ჩატარდა, ვინც ინტიმურ ურთიერთობაში ერთხელ მაინც ყოფილა.

სრულ კვლევას გაეცანით აქ: ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობა კახეთსა და აჭარაში.