"საფარის" აქტივობები / სიახლეები

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და მერსი ქორფსის წარმომადგენლები საფარში – გაცნობითი შეხვედრა

“საფარს” პარტნიორი ორგანიზაცია მერსი ქორფსი საქართველოს (Mercy Corps Georgia), აშშ-ს საელჩოსა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ესტუმრნენ. შეხვედრაზე ვისაუბრეთ როგორც კონკრეტულად “საფარის” საქმიანობასა და სერვისებზე, ისე, ზოგადად, საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ფორმებზე, სტატისტიკაზე, მათზე რეაგირებისა და პრევენციის შესაძლებლობებზე. ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, სტუმრებს შეხვდა ჩვენი ბენეფიციარი, რომელმაც გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, ასევე “საფართან” და სამართალდამცავ სტრუქტურბეთან თანამშრომლობის გამოცდილება. გარდა ამისა, ვისაუბრეთ აპლიკაცია Sefa You-ზე, მის ფუნქციებზე, ფორუმებზე და გამოყენების პრაქტიკაზე.

შეხვედრამდე თბილისის საკრებულოში გაიმართა გენდერულ ძალადობასა და ძალადობრივი ექსტრემიზმის შესახებ საბაზისო კვლევის პრეზენტაცია. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია – “ქალთა მიმართ ძალადობის და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხები სამხრეთ კავკასიაში”. პანელზე სიტყვით გამოვიდა “საფარის” მკვლევარი, გიორგი ურჩუხიშვილი, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობის პრაქტიკაზე. კონკრეტულად, მან ყურადღება გაამახვილა იმ ბარიერებზე, რასაც ქალები კარიერის დაგეგმვის პროცესში აწყდებიან, ასევე, ამისგან გამოწვეულ სახელფასო სხვაობაზე. ურჩუხიშვილის თქმით, ეკონომიკური დამოკიდებულება კაცებზე ქალებს აიძლებს მოითმინონ სხვადასხვა ტიპის ძალადობა, იქნება ეს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური და ა.შ.

2022 წლის ბოლოდან „საფარი“ ჩართულია პროგრამაში „ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის“ (WISE). პროგრამა ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით და მერსი ქორფს საქართველოს ორგანიზებით – აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში – ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით. საქართველოში პროგრამის პარტნიორია ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია “საფარი”.