"საფარის" აქტივობები / სიახლეები

ძალადობის ფორმები, სქესობრივი დანაშაულები, Safe You – ტრენინგი “გოგონების ხმისთვის”

“საფარმა” ახალგაზრდული ფემინისტური მოძრაობის, “გოგონების ხმის” წევრებისთვის ტრენინგი ჩაატარა. ორგანიზაციის იურისტები, ცირა ჯგერენაია და თამარ ლუკავა სკოლის მოსწავლეებს ქალზე ძალადობის ფორმებსა და მათ სამართლებრივ რეგულაციებზე ესაუბრნენ. იურისტები კონკრეტული მაგალითების საფუძველზე უხსნიდნენ გოგონებს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ფორმებს, მათზე რეაგირების მექანიზმებსა და პრევენციის შესაძლებლობებს. ტრენინგზე საუბარი შეეხო ადრეული ქორწინების პრაქტიკას. გარდა ამისა, განიხილეს აპლიკაცია Safe You-ს ფუნქციები და გამოყენების საჭიროებები. შეხვედრა ინტერაქციული იყო და გოგონების აქტიური ჩართულობით წარიმართა.

“საფარისთვის”, როგორც ფემინისტური ორგანიზაციისთვის, ახალგაზრდა ქალების მხარდაჭერა და გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტია. “გოგონების ხმა”  ორგანიზაციის ბაზაზე ჩამოყალიბებული ახალგაზრდული მოძრაობაა, რომელიც აერთიანებს მოზარდ გოგონებსა და ახალგაზრდა ქალებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოძრაობა წევრი გოგონები საკუთარ სოფლებში, ქალაქებისა თუ რეგიონებში გეგმავენ და ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობებს, სოციალური ქსელებით აჟერებენ საკუთარ სათქმელს, ერთად თუ ცალ-ცალკე იბრძვიან თანასწორობის იდეისთვის.

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი გოგონებით და გვჯერა, რომ ისინი გახდებიან ცვლილებების აქტორები როგორც თავიანთ თემებში, ისე მთელი ქვეყნის მასშტაბით.